ქართულ ინტერნეტმედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის
მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა. გაბალა თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.
ინციდენტი მოხდა "დინამოსა" და გაბალას პირველ მატჩზეც, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა თბილისში. ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სტადიონზე გამოფინა ტრანსპარანტი წარწერით: "გვახსოვს კახი და ზაქათალა. 1921"
"რუსთავი 2-"ის ინფორმაციით, თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78-ე წუთზე წაუკიდეს. ამ მომენტში სტადიონზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.