რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "Daily Mail" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გაზეთს დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნის მეუღლე, სარა ბრაუნი ესაუბრა. ქალბატონმა სარამ უახლოესი წარსული გაიხსენა და ახალ პოლიტიკურ სკანდალს დაუდო სათავე.
"Daily Mail"-სთვის მიცემულ ინტერვიუში სარამ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ მისი თანდასწრებით იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი "შავ პანტერად" წოდებული სუპერმოდელის, ნაომი ქემპბელის "შებმას" ცდილობდა.
სარა იხსენებს, რომ იგი შემთხვევით შეესწრო იმ სცენას, როდესაც ბერლუსკონი ქემპბელს ტელეფონის ნომერს სთხოვდა, თუმცა მოდელი თავაზიანად ეუბნებოდა უარს დონ სილვიოს. საბოლოოდ სილვიო ბერლუსკონიმ მუქკანიანი მოდელის გულის დათბობა ვერ მოახერხა და ოთახის დატოვება დამარცხებულს მოუწია.