"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის ერთ-ერთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მაღალჩინოსანი გადაცდომის საფუძველზე გაათავისუფლეს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქმის მოკვლევას აწარმოებს.
მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანას ედავებიან.
"4 დღის წინ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ამოიღეს აკრძალული ნივთები და AKS-ის ავტომატის ტყვიები, დაახლოებით 60 ცალი. ამჟამად მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებულია და სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს", _ უთხრა "გურია ნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ და დასძინა, რომ მაღალჩინოსანი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნის დადების შემდეგ ის დააკავონ კიდეც.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რამდენიმე საათის განმავლობაში უწყების პრესსამსახური ინფორმაციას ამოწმებდა, თუმცა, მოგვიანებით განგვიცხადეს, რომ ხვალ დილამდე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
"გურია ნიუსი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომენტარს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.