გერმანული "დოიჩე ბანკის" წამყვანი ეკონომისტის თომას მაიერის აზრით, ევროკავშირის არსებული სტრუქტურები სრულ უუნარობას ამჟღავნებენ ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საკითხში. ამის მაგალითად საბერძნეთში არსებული ვითარება სახელდება, რომლის დავალიანებამაც შესაძლოა, საერთოევროპული ვალუტა სრულ კრახამდე მიიყვანოს.
არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად გერმანელ ექსპერტს ევროპული სავალუტო ფონდის შექმნა მიაჩნია
მისი აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ევროსადმი ნდობა ძალიან შემცირდა.
თომას მაიერის გეგმის თანახმად, ევროპის სავალუტო ფონდი, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკის კოორდინირებასაც მოახდენს.
მისი განცხადებით, თუ არსებული პრობლემები სასწრაფოდ არ მოგვარდა, ევროკავშირს დაშლა ემუქრება.
რაც ყველაზე საინტერესოა, ექსპერტის აზრით, ევროკავშირს პირველები არა მისი ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად განვითარებული წევრები, იგივე პორტუგალია და ირლანდია დატოვებენ, არამედ უძლიერესი სახელმწიფოები – თუნდაც გერმანია.
მაიერის განცხადებით, ევროპული სავალუტო ფონდის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის გავლენის შესუსტება რეგიონში. მისი შექმნის შემდეგ კი ევროპის კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია ბრიუსელში შემუშავდება და არა ვაშინგტონში.