ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები სამხედრო სავალდებულო აღრიცხვას აღარ დაექვემდებარებიან. იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც ასეთი გამონაკლისი ვრცელდება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები ემატება.
ეს ცვლილებები "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის ვალდებულებას, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. ამასთან, ამავე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრეც, ვინც სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები და საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები.