გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთაგან ერთი ქალი და ერთიც მამაკაცია.
დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა, რის გამოც, სამი სართულის კედლები დაზიანდა, ჩამსხვრეულია მიმდებარე კორპუსების ფანჯრის მინები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე ამ დრომდე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შენიშვნა: აფეთქების ადგილის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა