დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა , რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში დამთავრდა. სხდომა სხვა საკრებულოს სხდომებისგან განსხვავებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. იგი საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს მიჰყავდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს. აქედან 2 დამტკიცდა. ერთზე კი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" 2014 წლის 2 აგვისტოს # 1 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:
"საკრებულოს სხდომაზე მონაწილე, საკრებულოს წევრი ან დამსწრე, წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებული იქნეს"_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ირინა საჯაიამ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გატანილი იქნება ბიუროს უახლოეს სხდომაზე.
საკრებულოს სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატს, კახა კვაჭაძეს განცხადების გაკეთება სურდა.
მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთში სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ დაიდგას სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი, როგორც კვაჭაძემ აღნიშნა, მოსახლეობა ამბობს, რომ რომ ამის გაკეთებას თავიანთი ხარჯებით უზრუნველყოფენ.
საკრებულოს დეპუტატმა ლევან მგელაძემ განაცხადა, რომ მან ანალოგიური მოთხოვნა რამდენჯერმე დააყენა საკრებულოს სხდომაზე, თუმცა, მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს
"კი, ბატონო, გააკეთონ, თუმცა მე მოვითხოვე ეს რამდენიმე თვის წინ და ჩემი მოთხოვნა ისევ ძალაშია. მერის დაპირება ჯერ კიდევ არ შესრულებულა, მოვითხოვ, თუ გააკეთებენ სიჩქარის შემზღუდველ ბარიერს ქალაქ ოზურგეთში სხვა ქუჩაზე, პირველ რიგში გააკეთონ კოსტავას ქუჩაზე, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიასთან. ყველამ კარგად ვიცით, იქ დაგებული სიჩქარის შემზღუდველი დაგებიდან ერთ დღეში როგორ აიღეს რაღაც-რაღაც მიზეზების გამო, ამჯერად არ დავკონკრეტდები", _ განაცხადა ლევან მგელაძემ.
"გეგმაში გვაქვს აღნიშნული საკითხი, აუცილებლად გავაკეთებთ, სასწავლო წლის დაწყებამდე ეს იქნება მოგვარებული", _ თქვა გელა კობალაძემ.