დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სექტემბრიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება. ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თავად განაცხადა.
მისივე თქმით, 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასები 50%-ით დაიწევს.
"ასევე მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. როგორ შევძლებთ ამას? ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო წამლის გამოწერა. ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები.
ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს", _ აღნიშნა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით, ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალზე მოგების ზედა ზღვარის დაწესებას არ განიხილავენ.