საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროში" ჩართვისას განაცხადა, ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიაში პირველად განაცხადი შეიტანეს თბოელექტროსადგურებმა, შემდეგ საისტრიბუციო კომპანია "ენერგო-პრომ", დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია "თელასმა" ანალოგიურად, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.
წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ ეტაპზე საშიშროება, რომ თბილისშიც მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის პასუხი ასეთია: "მარეგულირებელი კომისია დაითვლის "თელასის" ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია.
აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ წყლის რესურსების ათვისება, ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია", – განაცხადა კახა კალაძემ.