საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CAPSTONE-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალი უილიამ ფრეიზერი ხელმძღვანელობს.
შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.
CAPSTONE-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ქართულ მხარეს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი – საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.