ერთიანი ეროვნული გამოცდების უნარების ტესტის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია.
გურიაში ყველაზე მაღალი ქულა _ 74 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კუტუბიძემ მიიღო.
ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა _ მაგდა მამალაძემ, რომან გუდავაძემ და ხატია ცინცაძემ უნარების ტესტებში 70-70 ქულა აიღეს.
70 ქულა აიღო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ აბუსერიძემ.
ოზურგეთში 73 ქულით ლიდერობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ ირემაძე, 71 ქულა აქვს ლიხაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დავით ვაშაყმაძეს; 71-71 ქულა მიიღეს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა _ მარად ხარაბაძემ და ნოდარ კვაჭანტირაძემ.
71 ქულა დაიმსახურა ჯუმათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი მეგრელიძემ, 70 ქულა აქვს მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დარჩიას.
ლანჩხუთელ აბიტურიენტებს შორის მაქსიმალური ქულა 68-ით განისაზღვრა, რომელიც წყალწმინდის საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ ურუშაძემ და ანა ფირცხალაიშვილმა მიიღეს, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარი მახარაძემ და თორნიკე ღლონტმა 67-67 ქულა მიიღეს, თამარ ხოფერიამ, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა _ 66 ქულა.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, მარიამ ურუშაძე, ანა ფირცხალაიშვილი და თამარ ხოფერია ოქროს მედალოსნები არიან.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების ტესტში უმაღლესი _ 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა, დავით სოსელიამ მიიღო.