დღეს, ქალაქის მერის, ბეგლარ სიორიძის ინიციატივით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწითსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ქალაქის მერის კაბინეტში შედგა. შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას, არქიტექტურულ მოწყობასა და იერსახეს ეხება. ქალაქის მერმა ჯგუფის წევრებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და მათგან სხვადასხვა დარგობრივი რეკომენდაცია მიიღო.
"როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ამ მხრივ საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ მომავალშიც. ჩვენ უნდა გვქონდეს ქალაქი, რომელსაც ექნება განახლებული და მოწესრიგებული ქუჩები, კორპუსები, სკვერები, მოედნები. სწორედ ამიტომ მჭირდება თქვენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. გთხოვთ, რომ ყველა ნიუანსში იყოთ მაქსიმალურად კრიტიკულები და ქალაქისთვის სასიკეთო შედეგზე ორიენტირებულნი.’’ – განაცხადა შეხვედრაზე ბეგლარ სიორიძემ.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თამაზ ლომჯარია – არქიტექტორი, ნოდარ გაგუა – ინჟინერი, თეიმურაზ ჯახვა – ინჟინერი, დათო თოდრია – გეოლოგი, ლაშა შაფაქიძე – არქიტექტორი, საყვალა სალუქვაძე – არქიტექტორი, დენის ბაჯელიძე – არქიტექტორი და ვასილ ჩიგოგიძე – რეჟისორი.
სამუშაო ჯგუფის მოვალეობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადებისთვის შესაბამისი სარეკომენდაციო მოსაზრებების, წინადადებების და პროექტების შემუშავება იქნება.
(R)