პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით იგი წინააღმდეგია, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს:
"ჩემი პოზიცია არის, რომ მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ერთადერთი სანქცია 15 სანქციიდან, რომელსაც საქართველო შეუერთდა, შეეხება ყირიმსა და სევასტოპოლში დაწესებულ სანქციებს, რადგან ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და იგივეს ვითხოვთ სხვა სახელმწიფოებისგან.
ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა.
გასულ წელს გადავწყვიტეთ და არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, შედეგს, რომელიც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით რუსეთთან. მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს ეს დიალოგი და გვაქვს წინსვლა
. ჩვენ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ ბაზრის გახსნა შევძელით. ვფიქრობ, ეს არის გაუგებრობა. აქ ახალი არაფერი იყო. გასულ წელს მივუერთდით ამ სანქციებს. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი.
ჩვენი ინტერესია რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა. პრობლემად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები გვაქვს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.