აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია დავითაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მზია დავითაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის შენარჩუნების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი (მრავალშვილიანი) ოჯახებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარების მიღების და საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად, ორი ოჯახისგან ქრთამის სახით ჯამში 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და აიღო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.