ალექსანდრ სიზონენკო
ყველაზე მაღალი საბჭოთა კალათბურთელი სიზონენკოს სიმაღლე 245 სანტიმეტრი იყო. მას ერთდროულად ორი ტიტული ჰქონდა: „პლანეტის ყველაზე მაღალი კალათბურთელი“ და „პლანეტის ყველაზე მაღალი ადამიანი.“ თავისი კარიერა სიზონენკომ კუიბიშევისა და ლენინგრადის გუნდებში გაატარა. საკალათბურთო მოედნის გარდა, იგი კინემატოგრაფშიც იყო დაკავებული: საბჭოთა ზღაპარში – „მამაცი მკერავი” მან გოლიათის როლი ითამაშა. სიზონენკო მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდებოდა, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. ის 58 ზომის ფეხსაცმელს ატარებდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში მისი წონა 186 კილოგრამს შეადგენდა. სიზონენკოს ჰორმონული დარღვევა ჰქონდა, ძლიერი ოსტეოპოროზის გამო მას გადაადგილება უჭირდა და ამიტომ მთელ დროს სახლში ატარებდა. საბჭოთა კალათბურთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2012 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის ასაკში.
გეორგე მურეშანი
რუმინელი გეორგე მურეშანი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი კალათბურთელი გახლდათ. მისი სიმაღლე 231 სანტიმეტრი იყო და ის „ნიუ-ჯერსი ნეტსის” ღირსებას იცავდა. მურეშანის სიმაღლე ჰიპოფიზოსის პრობლემით იყო გამოწვეული. ამჟამად მურეშანი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. იგი გადაღებული მხატვრულ ფილმში „ჩემი გოლიათი”.
მანუტე ბოლი
სუდანელი მანუტე ბოლის მამის სიმაღლე, 203 სანტიმეტრი იყო, დედის – 198 სანტიმეტრი, ხოლო, თავად მანუტეს სიმაღლემ კი 231 სანტიმეტრს მიაღწია. მან „NBA“-ში რამდენიმე გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა, მათ შორის – „მაიამი ჰითისა” და „ფილადელფია სიქსერზის” რიგებში. იგი ბლოკ-შოტების ოსტატად ითვლებოდა და დღემდე NBA-ს დამფარებლების ტოპ-ოცეულის წევრია. მანუტე ბოლი 2010 წელს გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.
შონ ბრედლი
229 სანტიმეტრი სიმაღლის შონ ბრედლი სხვადასხვა დროს „ფილადელფია სიქსერზის”, „დალას მევერიქსისა” და „ნიუ-ჯერსი ნეტსის” რიგებში ასპარეზობდა. მან კარიერის ბოლოსკენ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და 2001 წელს „ევრობასკეტზე“ ითამაშა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. შონ ბრედლის შესრულებული აქვს როლი, ალბათ, ყველაზე ცნობილ ფილმში კალათბურთზე, კომედიაში „სფეის ჯემი”, სადაც მისი პარტნიორები არიან კალათბურთის ლეგენდები: მაიკლ ჯორდანი, ჩარლზ ბარკლი, ლარი ბერდი, პატრიკ იუინგი და მაგსი ბოგზი.
იაო მინი
ყველაზე ტირაჟირებული ჩინელი კალათურთელი იაო მინი სიმაღლეში 229 სანტიმეტრია. იაოს საუკეთესო წლებმა „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ კლუბ „ჰიუსტონ როკიტსში” ჩაიარა, სადაც მან 9 სრული სეზონი ითამაშა. იაოს მონაწილეობა აქვს მიღებული 2000, 2004 და 2008 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, მათ შორის ათენსა და პეკინში – იგი ჩინეთის ნაკრების მედროშე გახლდათ გახსნის ცერემონიალზე. მინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ჩინეთში და მას უამრავი სარეკლამო კონტრაქტი აქვს დადებული სხვადასხვა კომპანიასთან. ამჟამად იაო სპორტულ კომენტატორად მუშაობს ერთ-ერთ ჩინურ ტელეარხზე
Developed By Web Features 2024 © All rights reserved