თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ბრაკონიერების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უწყების პირველმა პირებმა – თინათინ ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა დღეს გააფორმეს.
თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მეშვეობით გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკურ დახმარებას და საექსპერტო კონსულტაციებს გაუწევს.
მემორანდუმის საფუძველზე „დელტა“ უწყებასთან გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც ითანამშრომლებს. გარემოს დაცვის სამინისტრო კი, თავის მხრივ, „დელტას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით მეტეოროლოგიურ პროგნოზს მიაწვდის.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „დელტა“ და გარემოს დაცვის სამინისტრო კონკრეტული გეგმის ფარგლებში დღეიდან ითანამშრომლებენ.
„მემორანდუმის მთავარი არსი ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში ორი უწყების თანამშრომლობაა. ეს ქვეყნისთვის არის პირველი ხარისხის თემა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და თავდაცვის სამინისტრო მზად არის საკუთარი რესურსებით დაეხმაროს ნებისმიერ უწყებას მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარებაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ ბრაკონიერებთან ბრძოლა კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
„დელტას“ უპილოტო საფრენი აპარატით ჩვენ ვგეგმავთ კარგად შევისწავლოთ ტყეები, ვნახოთ რესურსები, რამდენად არის დაზიანებული. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ფართობების მონიტორინგი უფრო ეფექტიანი გახდეს“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა