14 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული "გომისმთობა-2015" გაიმართა.
დღესასწაული სპორტული ღონისძიებით დაიწყო და კულტურული სანახაობით დასრულდა. როგორც წინა წლებში, დამსვენებლები დიდი ემოციებით ელოდებოდნენ დოღის დაწყებას. წლევანდელ დოღზე პირველი-მეორე ადგილები მამა-შვილმა დათა და გიორგი ლატარეებმა მოიგეს და სპეციალურად დამზადებული თასები მათ გადაეცათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მომავალ წელს წყლის და შუქის პრობლემა გადაიჭრება.
" ვინც გომისმთის ბედით არის დაინტერესებული და ამ კურორტის გულშემატკივარია, ვპირდებით, რომ მომავალი წლისთვის შუქის და გზის პრობლემა მოგვარებული იქნება." _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
"გომისმთობას" გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
" მიხარია, რომ დღეს გომისმთაზე ვიმყოფები და სახალხო დღესასწაულს ვესწრები. მსგავსი ტიპის ღონისძიებები აჭარაშიც იმართება და ყოველთვის მოხარული ვარ, სახალხო დღესასწაულების ჩატარების". _ გვითხრა გიორგი ერმაკოვმა.
"გომისმთობა 2015"-ი ჯგუფ "ბანისა" და მომღერალ დავით კენჭიაშვილის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, ხოლო თანაორგანიზატორი: ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი" იყვნენ.