„გურია ნიუსის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას „ბოდიში ჟორდანიას, სიურპრიზი გამგებელს _ ლანჩხუთი "სირცხვილს ვერ ასცდა" საფეხბურთო კლუბ „გურიას“ პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე, რომელიც ამავდროულად ლანჩხუთის გამგებელია გამგეობის პრესსამსახურის საშუალებით გამოეხმაურა:
"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს კლუბ „გურიას“ პრეზიდენტი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხარს მერაბ ჟორდანიას უჭერს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ჯერ ერთი, კლუბი „გურია“ არ სარგებლობს ხმის უფლებით, რაც თავისთავად პარადოქსია, რადგან ასეთი დამსახურების გუნდს ჩვენი აზრით, უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. სხვათა შორის, ამ თემაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა და კლუბის მესვეურებმა არაერთხელ მიმართეს სფფ-ს, თუმცა ამაოდ.
მეორეც, ზაზა ურუშაძეს, რომელიც კლუბის პრეზიდენტია არსად, არავისთან დაუფიქსირებია, რომ ის მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს, ან მერაბ ჟორდანიას უჭერს.
იმის თქმა, რომ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ვუჭერ მხარს, არასწორია, რადგან „გურიას“ ხმის უფლება არა აქვს. რომ ჰქოდნეს, მხოლოდ საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტდი, ვისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა.
იძულებულები ვართ ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება და მედიაში არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაც სწორედ მიზანმიმართული კამპანიის ხასიათს ატარებს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კლუბ „გურიას“ პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს არსად დაუფიქსირებია, რომ მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს უჭერს“ _ აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში.