ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს ყველა დროის ახალგაზრდა ჩემპიონების სია შეედგინათ. ამ ჩამონათვალის პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ (ფეხბურთი). პელე ბრაზილიურ "სანტოსში' 15 წლის ასაკში გამოჩნდა და ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. პელე 16 წლის იყო, როცა პირველად ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო 17 წლის ასაკში 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს. მაშინ ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ იმ ჩემპიონატის გმირი სწორედ პელე გახდებოდა და გოლს ფინალშიც გაიტანდა. იმ პირველობიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, პელე დღემდე რჩება ფეხბურთის მეფედ და დღემდე ამბობს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის სწორედ ის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო.
2. ბორის ბეკერი (ჩოგბურთი). როცა გერმანელი ჩოგბურთელი დიდებში გადავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ავადმყოფური ფერის ბავშვი ვერაფერს მიაღწევდა. 17 წლის ასაკში კი, როცა უიმბლდონზე, "დიდი მუზარადის" ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ხმამაღლა დასცინეს. პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ, დაცინვამ იმატა, რადგან ყველა ამბობდა, ამ ბავშვს ვინმე კორტზე მოკლავსო, მაგრამ… ბეკერმა ფინალამდე იარა, იქაც იმარჯვა და 1985 წლის უიმბლდონის მთავარი სენსაციის შემოქმედი შეიქმნა.
3. მაიკ ტაისონი (კრივი). როცა მაიკი კრივში გამოჩნდა, მასზე ხმამაღლა თქვეს, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დაღვინდებოდა და ნებისმიერ მეტოქეს პირველივე რაუნდში მთელ ძალებს არ შეალევდა. ტაისონმა სხვის რჩევებს ყური არ უგდო და 19 წლის ასაკში პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.
4. მარტინა ჰინგისი (ჩოგბურთი). შვეიცარიელი გოგონას სახელი ლეგენდარული ჩოგბურთელის, მარტინა ნავრატილოვას პატივსაცემად დაარქვეს, მაგრამ მაშინ რას იფიქრებდნენ, რომ ჰინგისი ყველა სავარაუდო ტიტულს მოიხვეჭდა. მან მოგება 12 წლის ასაკიდან დაიწყო და პარიზის იუნიორთა ტურნირზე გაიმარჯვა. ამ მოგებით ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც ერთეულთა თანრიგში რაღაც მოიგო. 16 წლისა და 3 თვის მარტინამ კი უიმბლდონზე იმარჯვა და ესეც დღემდე ხელუხლებელი მიღწევაა.
5. ტაიგერ ვუდსი (გოლფი). როგორც წესი, გოლფს დაღვინებული კაცები თამაშობენ და როცა მათ სამყაროში მოულოდნელად პატარა ბიჭი შეიჭრა, აითვალწუნეს. ამერიკის ღია პირველობაზე მისულ ვუდსს ყველა დასცინოდა, თუმცა 21 წლის ტაიგერმა სასწაული მოახდინა და ტურნირი მოიგო. ეს მიღწევა დღემდე არ დაძლეულა.