თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანადის მოქალაქის კუთვნილი 75 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.
საქართველოს მთავარ პროკურატურას კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მომართა და განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით, კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 3 პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა კანადის მოქალაქეს მისი ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 75 000 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირები, მათ შორის ერთ-ერთი ნიგერიის მოქალაქე, ასევე ამოღებულ იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 75 000 აშშ დოლარი;
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულების მიერ მისაკუთრებული თანხა.