14 წლის ასაკში გარეთ ბეილი კარდიფის ერთ-ერთი სკოლის გუნდში თამაშობდა და 100 მეტრს 11,4 წამში გარბოდა, რითაც ადგილობრივი მწვრთნელების აღფრთოვანებას იწვევდა. მისი პირველი მწვრთნელი იხსენებდა, რომ გარეთი სწავლაშიც საუკეთესო იყო, რადგან პირველობა მისი ცხოვრების მთავარი მიზანია.
გარეთ ბეილს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა. ერთხელ რეპორტიორმა მას ოჯახზე დაუსვა კითხვა და გარეთმა განუცხადა, რომ ამ თემაზე პრესასთან არასდროს ისაუბრებს.
გარეთი არ მოიხმარს ალკოჰოლს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ერთი შემთხვევის შემდეგ აღარ ეკარება ალკოჰოლურ სასმელებს. "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ გარეთმა მეგობრებთან ერთად ამ მოვლენის აღნიშვნა გადაწყვიტა და იმ დღეს ძალიან ბევრი დალია. შედეგად, ცუდად გახდა და მას შემდგომ პირობა დადო, რომ ალკოჰოლს აღარ გაეკარება
ბავშვობიდან გარეთ ბეილი ლონდონის "არსენალის" ქომაგი იყო და ლონდონურ გუნდში თამაშზე ოცნებობდა. თუმცა, მაშინ არსენ ვენგერმა "საუთჰემპტონის" მეორე ტალანტზე თეო უოლკოტზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო გარეთი მეორე ლონდონურ კლუბში, "ტოტენჰემში" გადაბარგდა. ცნობისთვის, თეო და გარეთი საუკეთესო მეგობრები არიან.
გარეთ ბეილს არაერთ ინტერვიუში განუცხადებია, რომ მადრიდის "რეალის" ქომაგია და ოცნებობდა, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ერთ გუნდში ეთამაშა. როგორც ხედავთ, გარეთის ეს ოცნება ასრულდა.
სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ლონდონურ და მადრიდულ კლუბებს შორის გარეთ ბეილის ტრანსფერის თაობაზე. ზუსტად ამდენ ხანს მოუნდნენ მადრიდელები თავის დროზე კაკას "მილანიდან", რუუდ ვან ნისტელროის "მანჩესტერიდა"” და მაიკლ ოუენის "ლივერპულიდან" გადმოყვანას.
გარეთ ბეილი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული უელსელი ფეხბურთელია. რაიან გიგზი, კრეიგ ბელამი, აარონ რემზი, გარი სპიდი – ამ ცნობილი უელსელი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება იმდენად სასაცილოა ბეილის ტრანსფერთან შედარებით, რომ უადგილოა ციფრების დასახელება.
გარეთ ბეილის კარიერაში პირველი პროფესიული კლუბი "საუთჰემპტონი" იყო. 2006-2007 წლების სეზონში ბეილმა 40 მატჩი ითამაშა კლუბში და 5 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად "ტოტენჰემში" გადავიდა.
"საუთჰემპტონში" გარეთ ბეილი კარიერას, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი მარცხენა მცველის პოზიციაზე იწყებდა. მცველად შეიძინა ის "ტოტენჰემმა", სადაც საბოლოოდ, შემტევ ვინგერად ჩამოყალიბდა და მსოფლიომაც ასე გაიცნო.
გარეთ ბეილის ნიჭის აღმომჩენად ჰარი რედნაპი სახელდება, რომელმაც შეამჩნია "ტოტენჰემის" სათადარიგო სკამზე მჯდომი ახალგაზრდა ფეხბურთელი და შანსი მისცა. ბეილმა კი გამოიყენა.
პირველი მატჩი უელსის ნაკრების რიგებში გარეთ ბეილმა 2006 წლის მაისში ჩაატარა, როცა 16 წლის და 315 დღის იყო. პირველად ის ჯონ ტოშაკმა მიიწვია და ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრებთან ათამაშა. ბეილი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია უელსის ნაკრების ისტორიაში.