ორშაბათს ჩატარებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სპორტული დავების გადამწყვეტი ტრიბუნალის გადაწყვეტილების აღსრულების თემაზეც იმსჯელეს. კერძოდ, საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კლუბ "გურიას" დათხოვნილი მწვრთნელების _ თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიასთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ნარჩენი 40 ათას ლარზე მეტი თანხის გადახდა დაევალა.
აღმასკომის წინა სხდომაზე "გურიას" აღნიშნული თანხის გადასახდელად ვადა შვიდ სექტემბრამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქულების დაკლებით და შემდგომ ჩემპიონატიდან მოხსნითაც კი დაემუქრეს.
ორშაბათის სხდომაზე კლუბს ამ თანხის გადახდის ვადა ერთი თვით გადაუვადდა. "ვინაიდან ტრიბუნალის მიერ "გურიასადმი" გაგზავნილ ოფიციალურ წერილში უზუსტობა იყო, კლუბის ხელმძღვანელობამ წერილი უკან გააბრუნა, ხოლო ხელმეორედ უკვე გასწორებული ვარიანტი, მხოლოდ 11 სექტემბერს მიიღო და ამიტომაც მოითხოვა დრო თანხის გადასახდელად," _ გვითხრა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ.
აღმასკომის სხდომაზე ეს საკითხი ლანჩხუთური კლუბის ლიცენზირების მენეჯერმა, ირაკლი ვაშაკიძემ წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს წერილის ხარვეზის ფაქტს, ხოლო ცნობს თუ არა კლუბი ამ ვალს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს:
"ვინაიდან გამოგზავნილ წერილს არ ჰქონდა ხელმოწერა, არ იყო დათარიღებული და სხვა ხარვეზიც გააჩნდა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვცნობდით წერილში მოყვანილ ვალდებულებებს, გასწორებული ვარიანტი კი გვიან მოგვივიდა. ცნობს თუ არა კლუბი ამ ვალს, მე ვერაფერს გეტყვით. სჯობს ამ საკითხზე აღმასრულებელ დირექტორს დაუკავშირდეთ," _ გვითხრა ვაშაკიძემ.
"ჩვენ ვცნობთ იმას, რაც კანონით გვეკუთვნის. ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კლუბი ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და იურისტებმა შესაბამისი წერილები გააგზავნეს აღმასკომში. რეაგირება ამაზე არ ყოფილა და შესაბამისად პასუხიც არ მიგვიღია. ჰოდა, ჯერ რაიმე ვალის ცნობაზე საუბარი ზედმეტია," _ თქვა "გურიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩხაიძემ.
აღნიშნულ თემაზე სფფ-ს იურისტს, კესო ჩხიკვაძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ "გურიას" ეს თანხა აუცილებლად გადასახდელი აქვს:
"მე არ ვიყავი აღმასკომის ბოლო სხდომაზე და ვერაფერს გეტყვით. თემას კი ვიცნობ და კლუბი ცნობს თუ არა ვალს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება და კლუბი ვალდებულია აღასრულოს ის. უფლების დაცვა "გურიას" ტრიბუნალის სხდომაზე შეეძლო. რა წერილის სისწორეზე საუბარობენ, საინტერესოა. მე არ ვიცი ამის შესახებ. თუ მე, ფედერაციის იურისტს მეკითხებით, გპასუხობთ _ "გურია" ვალდებულია ლორიას და პატარაიას თანხა გადაუხადოს," _ ამბობს ჩხიკვაძე.
ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ დაადასტურა, რომ "გურიამ" აღმასკომის სხდომაზე აღიარა აღნიშნული ვალის არსებობა და აღსრულების გადავადება მოითხოვა:
"გურიას" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრიბუნალიდან კლუბმა მიიღო წერილი ხელწერისა და თარიღის გარეშე, რაც 11 სექტემბერს გამოსწორდა. თავიდან "გურიას" ვადა შვიდ სექტემბრამდე ჰქონდა მიცემული და უზუსტობაზე მათ არაფერი უთქვამთ. შემდგომ მოგვმართეს, რომ ასეთი დარღვევით იყო მათთან შესული ტრიბუნალის გადაწყვეტილება. აღმასკომმა იმსჯელა, მოუსმინა ორივე მხარეს. "გურიას" მხრიდან სხდომას ესწრებოდა ირაკლი ვაშაკიძე, რომელმაც აღიარა, რომ თანხა გადასახდელია, უბრალოდ, ითხოვა დრო 15 ოქტომბრამდე. აღმასკომმაც დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა. თუმცა, ვერაფერს გეტყვით თუ კლუბში ამ ვალთან დაკავშირებით ვინმეს განსხვავებული პოზიცია აქვს. მათ ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული, რომ თითქოს ეს საკითხი ტრიბუნალის განსახილველი არ იყო, თუმცა, არსებობს აღმასკომის დადგენილება, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსური დავები სუბიექტებს შორის სწორედ ტრიბუნალის პრეროგატივაა," _ აღნიშნა შენგელიამ.