გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე გამგეობის წევრების ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ისინი თავიანთი ნებით არ მოქმედებენ:
_ გამგეობის ზემონახსენები წევრები (საუბარია ბენო თავბერიძესა და იური ჩხაიძეზე.) არ მოქმედებენ თავიანთი სურვილით და მათი გადაწყვეტილება რომ ლეგიტიმურიც იყოს ასეთი განცხადებების გაკეთების მორალური უფლება არ აქვთ. მე მაქსიმალურად ვერიდები მათთან დაპირისპირებას, რამეთუ მათგან განსხვავებით, პატივს ვცემ იმ ურთიერთობებს, რაც ამ პერიოდში ჩამოგვიყალიბდა! ხმამაღლა ვიტყვი, რომ მათთან ადამიანურ ურთიერთობებში ერთხელაც არ დამიშვია შეცდომაც კი, აქ ლაპარაკი არაა ღალატზე, რასაც ჩემს მიმართ უკვე მერამდენედ სჩადიან.
ახლა რომ ლამაზი სიტყვებით საუბრობენ და ასეთ კომენტარებს აკეთებენ, ნუთუ ავიწყდებათ, რაზე მესაუბრებოდნენ? პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ განიცდიდნენ ზეწოლას, სამსახურის გამო სხვა გზა არ ჰქონდათ. ბატონმა ბენიამ მეც გამაკვირვა: ჯერ დამირეკა და მითხრა, რომ ავალებდნენ; შემდეგ, იმავე დღეს, გრფფ-ის ოფისში შეხვედრაზე თქვა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა და როცა ზეწოლა ღიად მოახდინეს, ისიც თქვა, რომ ჩემთვის არ უკითხავსო.
ანუ აქამდე სიმართლე თქვა. საღამოს ოქმზე მოაწერინეს ხელი, სადაც წერია, რომ მე „უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით“ წარვადგინე დელეგატი. აქ კიდევ გაუგებდა კაცი _ დილით არ იცოდა და მერე წაიკითხა წესდება და დარწმუნდა, რომ მე უკანონობა ჩავიდინე. მეორე დღეს კი იძლევა ინტერვიუს, სადაც ის „ძველ ჩვენებას“, ანუ სიმართლეს უბრუნდება _ ჰქონდა თუ არა უფლება, ამაზე არ ვდავობთ, უბრალოდ, ჩემთვის არ უკითხიაო.
ადამიანი, როცა ასეთ დღეშია, არ შემიძლია, რომ არ შევიდე მის მდგომარეობაში და არ თანავუგრძნო.
მე მათ თავიდანვე ვუხსნიდი, რომ არ იყო პრობლემა, როგორც მათთვის იქნებოდა უკეთესი, ისე მოქცეულიყვნენ! მე მათ რაინდობას არ ვთხოვდი, რამეთუ მესმის, რომ მათ უკან ოჯახები დგას! ყველას ვერ მოთხოვ პრინციპულობას, მე მაგალითად 2-ჯერ დავტოვე 1200-ლარიანი სამსახური იმის გამო, რომ ვფიქრობდი, საქმე ისე არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო.
მოკლედ, მე ყველანაირად შევედი მათ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ისე გამოყავთ, რომ მე ვარ თავხედი ახალგაზრდა, რომელმაც არაფერი ვკითხე მათ!
ჯერ ვთქვათ, რატომ არ ვკითხე? _ 2013 წელს, როცა გრფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, მე შევკრიბე გამგეობა და ვუთხარი მათ _ თუ თვლით, რომ ეს 4 წელი კარგად ვიმუშავე და მხარს დამიჭერთ, კანდიდატურას დავაყენებ, თუ არადა, წყნარად წავალ. ყველამ სრული მხარდაჭერა აღმითქვა. ორ დღეში კი ყველამ შეიცვალა აზრი! აქეთ მომდეს შარი _ ებრალიძემ მოგვატყუა, კონკურენტი თუ ჰყავდა, არ ვიცოდითო. ან მე საიდან ვიცოდი, ან რა მოულოდნელია, რომ არჩევნებში ერთზე მეტმა კანდიდატმა იყაროს კენჭი?
სინადვილეში მაშინაც ზეწოლის შემდეგ გადათქვეს. პარალელურად ყრილობა ჩაგვიშალეს და შემდეგ ვინც ჩაშალა, მოვიდა ჩემთან და მომობოდიშა და დამისახელა, ვინც დაავალა! მომიბოდიშეს ჩემი გამგეობის წევრებმაც, სხვა გზა არ გვქონდაო.
ჩვენ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ახლაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ და არ ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში.
ახლა აქეთ მდებენ ბრალს. არადა, მათ კარგი საქმე გავუკეთე. ჩავაყენებდი საქმის კურსში და მათ პასუხს მოთხოვდნენ და ამას შესაძლოა, მათი სამსახურებიც შეწირვოდა.
სწორედ ამ სამსახურების შენარჩუნების გამო აღარ იციან, რას აკეთებენ და რას ლაპარაკობენ. პრეტენზია აქვთ, რომ მათ არ ვხვდები. პირველად, როცა მათ ზეწოლა მიიღეს, კვირა საღამოს ჩამოვიდნენ ლანჩხუთში და დეტალურად ვიცი, სად და ვისთან რაზე ისაუბრეს.
ეს თავადაც არ დაუმალავთ. ღამით მთხოვეს შეხვედრა. მე მათ ავუხსენი, რომ ოჯახი მყავს და დილით შევხვედროდით. 11 საათზე შეხვედრაზე შევთანხმდით! არ მოვიდნენ, გვიან საღამომდე ველოდებოდი. ორ-სამ დღეში უკვე გენმდივნის შუამავლობით ისურვეს ჩემთან შეხვედრა. ხარიტონ ჩხატარაშვილი დამეთანხმება, რომ დღის მანძილზე მინიმუმ 20-ჯერ ვიკონტაქტეთ, 5 წუთში მოვლეონ, 10 წუთში მოვლენო და გამგეობის არც ერთი წევრი არ მოსულა.
პირდაპირ ვიტყვი, მათ ერიდებათ ჩემთან შეხვედრა! თუნდაც ის რად ღირს, როცა პირველი სხდომის დღეს გაიგეს რა, ადგილზე არ ვიყავი, ისე გაუხარდათ, ოფისში არც შესულან, არც ოქმი შეუდგენიათ, ისე სწრაფად წავიდნენ.
ამის გამოა, რომ მათ შეარჩიეს დღეები, როცა იცოდნენ, რომ ადგილზე ვერ ვიქნებოდი _ რევაზ არველაძის პრეზენტაციაზე, ლევან კობიაშვილთან რეგიონული ფედერაციების შეხვედრასა და ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის (ამ ორგანოს წევრი გახლავართ) სხდომაზე გახლდით.
ჩვენ შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს, როგორც ჩანს, მათ აწყობთ, რომ არ შემხვდნენ და ილაპარაკონ, კახა არ გვხვდებაო.
წერილები გავუგზავნეო, ბენია თავბერიძე რომ ამბობს, კი ბატონო, ლანჩხუთში სახლში მისულა წერილები, სმს-იც გავუგზავნეო და ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ ვიცე-პრეზიდენტი სხდომებს ნიშნავს და პრეზიდენტს არ უნდა დაურეკოს? როდის აქეთ დამიწყო ბატონმა ბენიამ მესიჯობა? (მანამდე 6 წელიწადში ერთი სმს-იც არ გამოუგზავნია და ვეჭვობ, ტექსტიც სხვამ აუკრიფა) დამირეკა და არ ვუპასუხე? ან რა ვალდებული ვარ, რომ იმის ჭკუაზე ვიარო, ვინც აზრს საათების მიხედვით იცვლის? წესდებას ასე „კარგად“ რომ კითხულობენ, იქნებ ისიც წერია, ბატონი ბენია თუ იტყვის, კახა ებრალიძემ ყველა საქმე უნდა მიატოვოსო?
ახლა წმინდა სამართლებრივი საკითხები: გრფფ–ის პრეზიდენტი წესდების მიხედვით, გარდა გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებისა, ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას (მუხლი 5, პუნქტი 16), ხელმძღვანელობს გამგეობას და წარმოადგენს გრფფ–ს სხვა პირებთან/სუბიექტებთან ურთიერთობაში (მუხლი 5, პუნქტი 8), ხელმძღვანელობს ფედერაციის მთელ საქმიანობას (მუხლი 5, პუნქტი 9).
ამას გარდა, წესდებაში გაწერილია თუ რა სახის გადაწყვეტილებებს იღებენ გამგეობის წევრები. ესაა ფილიალების და საწარმოების შექმნის შესახებ; საწევროების ოდენობის დადგენის შესახებ; წევრების მიღების, გარიცხვის, გასვლის შესახებ; სამეურნეო ხელშეკრულების დადების შესახებ… ჩამონათვალში არსადაა მითითებული სფფ–ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და დელეგატის წარდგენის უფლება.
მათ მიერ წარმოდგენილ ოქმში დარღვეულია მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი _ გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის მიხედვით, გრფფ-ს ჰყავს 8 წევრი, მისი 2/3 არის 6. წარმოდგენილ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ 5 წევრი; იმავე პუნქტის მიხედვით, გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება პრეზიდენტი. წარმოდგენილი ოქმითაც ირკვევა, რომ მის შედგენას პრეზიდენტი არ ესწრებოდა.
თურმე გამგეობის წევრები თვლიან, რომ სხდომებს მიზანმიმართულად არ დავესწარი, რაც მხოლოდ ბენია თავბერიძის ვარაუდია და მას სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ აქვს. მათ მიერ წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ბენია თავბერიძემ ოზურგეთში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტი კვლავ არ გამოცხადდა“, როცა ის თავად არ გამოცხადებულა ადგილზე (ლანჩხუთი, ზ. მდინარაძის #1), სადაც სხდომა იყო მოწვეული და შესაბამისად, არ ეცოდინებოდა გამოცხადდა თუ არა პრეზიდენტი.
ამასთან, გრფფ-ის წესდების მიხედვით, პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება სხდომას დაესწროს, მით უმეტეს, რომ სამსახურებრივ საქმეზე მივლინებით ვიმყოფებოდი თბილისში.
გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მოიწვია გამგეობის სხდომა ჯერ 2 სექტემბერს 13.00 საათზე, შემდეგ 3 სექტემბერს _ 17.00 საათზე. არც ერთ შემთხვევაში გამგეობის არც ერთი წევრი, მათ შორის არც სხდომის მომწვევი ბენია თავბერიძე არ გამოცხადებულა გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში (ქ. ლანჩხუთი, ზ. მდინარაძის ქ. #1), სადაც იყო დანიშნული ეს სხდომები. ფედერაციის ოფისთან გავლა, რაც პირველ შემთხვევაში მოხდა, არ ნიშნავს გამოცხადებას, შესაბამისად, არ გაფორმებულა შესაბამისი ოქმები. მათ შორის არც ის ოქმი, რომლითაც წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, გამგეობამ მიზანშეწონილად ჩათვალა 2 სექტემბერს სხდომის მომდევნო დღისთვის გადადება.
ტყუილია, თითქოს გამგეობის წევრები მეორე შემთხვევაში არ ჩამოვიდნენ ლანჩხუთში იმიტომ, რომ „უმართავი სიტუაცია იყო ადგილზე". სინამდვილეში, გამგეობის წევრები არ ჩამოვიდნენ ლანჩხუთში იმიტომ, რომ იქ იმყოფებოდნენ მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერები და არა ჩემი _ ამას ადასტურებს ტელესიუჟეტები. როგორც ვიცი, იქ არანაირად არ იყო უმართავი სიტუაცია! უბრალოდ, გამგეობის წევრებს არ უნდოდათ ჟორდანიას წარდგენა და ამ შემთხვევაში, მართლაც მოხდებოდა კონფლიქტი. ამას აერიდნენ დიდი დარღვევით _ ოზურგეთში წასვლით, სადაც დადასტურდა ყველაფერი: მათ დელეგატი შეცვალეს და არ წარუდგენიათ ჟორდანია! ამით გაიშიფრეს თავი!
ჩემი ქმედების ნურავის შერცხვება, რამეთუ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ვინმე დავაზარალო. ყველამ ჩაიხედოს თავის გულში და საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება, დაფიქრდეს თავის ნამოქმედარზე. არავის არაფერს ვთხოვ. პირიქით, ვინც ცუდად მომექცა, მე უკვე ვაპატიე და ეს, მათთვის სამწუხაროდ, პირველად არ გამიკეთებია, _ ამბობს ებრალიძე.
ამავე თემაზე: “სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ“ _ რა წერია გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში; "დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ!“ _ გურიის საფეხბურთო სკანდალები გრძელდება; სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას