საფეხბურთო კლუბი "გურია" სამწვრთნელო შტაბის გარეშეა დარჩენილი. კლუბის პრეიზდენტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, მთავარ მწვრთნელთან კახა გოგიჩაიშვილთან ერთად, დღეს მთელი სამწვრთნელო შტაბი გაათავისუფლა:
_ ბევრი შანსი ჰქონდათ და არ გამოიყენეს. წინა თვეში ხელფასის 10 პროცენტი დაექვითათ, დღეს კი ყველას მოუწია თანამდებობიდან წასვლა, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდს გიალო ჩხაიძე ჩაიბარებს სიმართლეს არ შეესაბამება:
_ ჩხაიძე გათავისუფლებულია და როგორ ჩაიბარებს გუნდს?!_ აღნიშნავს ურუშაძე.
ჯერჯერობით უცნობია ვინ გაწვრთნის გურიას. უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ჩვენებურთა კლუბს 26 სექტემბერს მარტვილში მნიშვნელოვანი თამაში აქვს.
როგორც ურუშაძემ გვითხრა ახალი მთავარი და დამხმარე მწვრთნელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის "გურიას" ხუთი თამაშიდან 2 წაგება, 2 ფრე, 1 მოგება აქვს და 5 ქულით სატურნირო ცხრილის მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ კახი გოგიჩაიშვილი "გურიას" 4 თვის განმავლობაში წვრთნიდა. მან ამ თანამდებობაზე თემურ ლორია ჩაანაცვლა, რომელიც ურუშაძემ გუნდის წარუმატებლობის გამო აპრილში დაითხოვა სამსახურიდან.
ფოტო: dinamo.ge (ფოტოზე თემურ ლორია, კახა გოგიჩაიშვილი და გიალო ჩხაიძე არიან გამოსახული)
ამავე თემაზე: ვის დაატოვებინეს საფეხბურთო კლუბი "გურია" და ვინ დააჯარიმა გამგებელმა