პრინცი ამადეო (ბელგია)
29 წლის პრინც ამადეოს მცირე შანსები აქვს, რომ ბელგიის სამეფო ტახტზე ავიდეს, რადგან მხოლოდ მეექვსეა მემკვიდრეებს შორის. სავარაუდოდ, ამის გამო, მან კარიერის აწყობა გადაწყვიტა. 2005 წელს პრინცმა ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა, 2008 წელს – ლონდონის ეკონომიკის სკოლა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც კომპანია "დელოიტ ტაჩ ტომატცუში" ბიზნეს-ანალიტიკოსად მუშაობს. ისევე, როგორც სხვა მუშაკები, პრინციც დილით მიდის სამსახურში და სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ხელფასს იღებს.
ინფანტა კრისტინა (ესპანეთი)
ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის და დედოფალ სოფიას უმცროსი ქალიშვილი, ქველმოქმედებისა და ოფიციალური მონარქული ვიზიტების ნაცვლად, რეალურ სამსახურში მუშაობს. ცისფერსისხლიანი ინფანტა სოციალური პროგრამების ფონდ "ფაუნდეიშენ ლა კეიქსის" დირექტორია. კრისტინა განათლების პროექტებზე, გარემოსა და მხატვრული მემკვიდრეობის დაცვაზეა პასუხისმგებელი. 1984-1989 წლებში კრისტინა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებას და სოციოლოგიას ეუფლებოდა. დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. გარდა ამისა, ინფანტა კრისტინას "იუნესკოს" შტაბ-ბინაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
პრინცესა ნურა ბინტ იბრაჰიმ ალ–ჰალიფა (ბახრეინი)
პრინცესა ნურას ისტორია არატიპურია არაბული სახელმწიფოსთვის, სადაც მკაცრი ისლამური ტრადიციებია. 31 წლის პრინცესა ნურა პოლიციის საიდუმლო აგენტი და ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომელია. რამდენიმე ხნის წინ პრინცესას წამებაში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. პრინცესას იმ ექიმების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად, რომლებიც 2012 წლის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას. დაზარალებულთა თქმით, დაკითხვისას პრინცესა რეზინის ჯოხით უსწორდებოდა მათ და ელექტროდენსაც იყენებდა წამების პროცესში. პრინცესა ნურა ყველა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
პრინცი კარლ ფილიპი (შვედეთი)
შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი, სამეფო ოჯახის მეორე შვილი და მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავის ერთადერთი ვაჟია. პრინცმა კარიერა სპორტს დაუთმო, კერძოდ ავტორბოლას. კარლ ფილიპი განათლებით გრაფიკული დიზაინერი და მარკეტინგის სპეციალისტია. გარდა ამისა, ის შვედეთის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო სკოლის კურსდამთავრებული და თადარიგის ოფიცერია – შვედეთის ამფიბიების კორპუსის ოფიცერი. ავტოსპორტით პრინცი 2003 წელს დაინტერესდა და იმავე წელს მიიღო პილოტის ლიცენზია.
პრინცესა შარლოტა კაზირაგი (მონაკო)
პრინცესა შარლოტა, რენიე მესამის შვილიშვილი და მონაკოს მთავრის, ალბერ მეორის ნათესავია. შარლოტა ბებიის, მსახიობ გრეის კელის კვალს გაჰყვა და კინოკარიერასა და მოდელობაზე აკეთებს აქცენტს. ამჟამად შარლოტა სამოდელო სახლ "გუჩის" სარეკლამო სახეა. შარლოტა თანამედროვე ფეშენ-კერპად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონადაა მიჩნეული. გარდა ამისა, მონაკოს პრინცესა ბრიტანელებმა მსოფლიოს ულამაზესი ქალების ათეულში დაასახელეს. საგულისხმოა, რომ თავად პრინცესას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და მეტად მოკრძალებულია ჟურნალისტებთან.