გურიის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში დაპირისპირება ისევ გრძელდება. ჯერჯერობით, უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სფფ-ს აღმასკომი კვირას არჩეულ ახალ დელეგატს _ იური ჩხაიძეს.
ჩხაიძე გრფფ-ს გამგეობის ხუთმა წევრმა კვირას აირჩია, თუმცა, იმის გამო, რომ სხდომას ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე არ ესწრებოდა, სპეციალისტების თქმით, ოქმი არალეგიტიმურია.
გრფფ-ს წესდების თანახმად, სხდომა ლეგიტიმურია, თუ მას პრეზიდენტი ესწრება. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ბენო თავბერიძე, რომელმაც სხდომა მოიწვია, ამტკიცებს, რომ ებრალიძე სხდომაზე არ მოვიდა:
_ ორი წერილი გავაგზავნე _ ლანჩხუთის და თბილისის მისამართზე. მეილზეც გავუგზავნე შეტყობინება და სმს-ის მივწერე, _ ამბობს თავბერიძე, რასაც კატეგორიულად უარყოფს ებრალიძე:
“არცერთი არ მიმიღია. ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ არ იცის მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა. შეიძლება, ნელ-ნელა ასწავლეს, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. თბილისში ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად. ახლა დავბრუნდი ლანჩხუთში. თქვენგან გავიგე, რომ ბენია ნიშნავს სხდომას, მესამეჯერ აკეთებს ეს ადამიანი ამას. იქნებ დამელოდნონ და მე დავნიშნო ეს სხდომა?!” _ ამბობს ებრალიძე გურია ნიუსთან საუბრისას.
მისივე თქმით, მსგავსი ოქმი ტრიბუნალმა უკვე გააუქმა:
_ ბენია თავბერიძეს თუ უხარია, ატაროს სხდომები. გარკვევით წერია დებულებაში, რომ სხდომას პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ებრალიძემ.
ბენო თავბერიძემ ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გააგზავნა იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ებრალიძე სხდომაზე ნამდვილად მოიწვია. გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტს ზრდილობასაც უწუნებს:
_ ცუდია, როცა ახალგაზრდა კაცი, მამის ტოლა კაცს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. ელემენტარული ზრდილობის საკითხია. რა იცის, რომ არ ვიცი, სმს-ის წერა? როგორც ჩანს, წაიკითხა სმს, რომელშიც, სავარაუდოდ, შეცდომები იყო და წესიერად ვერ გაიგო. დარწმუნებული ვარ, ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებიც მიიღო, _ ამბობს თავბერიძე და დასძენს, რომ მის სატელეფონო ზარებს ებრალიძემ არ უპასუხა.
_ შვილებს გეფიცებით, არანაირი მოწვევა არ მიმიღია და რომც მიმეღო, არ მივიდოდი სხდომაზე. რატომ არ მაცდიან მე?! დებულებაში გარკვევით წერია, რომ სხდომა მე უნდა მოვიწვიო. ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ასევე უკანონო იყო, უკანონოდ დანიშნა სხდომა თავბერიძემ. რატომ არ დამელოდნენ? იქნებ, მე ვნიშნავ?! _ ამბობს ებრალიძე ჩვენთან საუბრისას.
ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამართლებრივ დავას ბოლომდე გააგრძელებს და სიმართლესაც დაამტკიცებს.
ჩვენი ინფორმაციით, კახა ებრალიძე დებულების თანახმად, სხდომის მოწვევას დღეს აპირებს და გამგეობის წევრებს ახალ დელეგატსაც წარუდგენს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს დელეგატი ფედერაციის მდივანი, საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი იქნება, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ებრალიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს და დალოდებას გვირჩევს. თუმცა, ლოდინის დრო აღარ არის, რადგან ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად გურიის რეგიონის ფედერაციას ხვალ ეწურება დელეგატობის კანდიდატის წარდგენის ვადა:
_ ტრიბუნალმა გააუქმა ორივე ოქმი _ ჩემიც და გამგეობის წევრების. ზუსტად ისეთივე ოქმი გააუქმა, როგორიც კვირას მიიღეს. შეიძლება, ანეკდოტები იყოს ჩამატებული. ასევე, ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, ახალი დელეგატის არჩევა დაევალა ფედერაციას და არა გამგეობის წევრებს. ასე რომ, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ, _ დასძინა ებრალიძემ, რომლის თქმით, დეტალებს იურისტებთან აზუსტებს.