საგადასახადო სამსახურის მიერ მოვაჭრეებისა და მეწარმეების მიუღებელი ხერხებით დაჯარიმების შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. მსგავსი ფაქტები დღესაც ხდება, საგადასახადო აგენტების მიერ ოზურგეთში მოვაჭრეების მისამართით ტერორი კვლავ გრძელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ოზურგეთში გარევაჭრობა კანონიერად არ ხდება, თუმცა ხელისუფლებას ეს მაშინ ახსენდება, როცა ბაზარი ბიზნესმენებისა თუ ხელისუფლების დაინტერესების სფერო გახდება.
ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე მოვაჭრე და კერძო ჯიხურის მეპატრონეები დააჯარიმეს. ამის შესახებ "გურია ნიუსს" აბაშიძის ქუჩაზე მოვაჭრეებმა აცნობეს და დახმარება სთხოვეს:
"რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, ეს დაჰპირდა ამ გაჭირვებულ ხალხს? დღითი დღე ისედაც გაუსაძლისი ხდება ცხოვრება. ქუჩაში ვართ დღე და ღამე პურის ფულისთვის და კიდევ 200 ლარიან ჯარიმას გვიწერენ?"- აღშფოთებას ვერ მალავენ გარემოვაჭრეები.
"ადამიანს, რომელიც მწვანილს ყიდის, სალარო აპარატი რატომ უნდა ედგას? გეუბნებიან, ან სალარო აპარატი შეიძინეთ, ან ბაზარში შედით და იქ ივაჭრეთო. იციან, რომ სალარო აპარატის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ფაქტიურად იძულებულს გხდიან, რომ დატოვო ეს ადგილი და წახვიდე სახლში . სოფლიდან ჩამოტანილ საქონელს თუ ჰყიდით, მაშინ სოფლის გამგებლიდან მინდა ცნობაო. გლეხმა, რომელიც სახლში მოწვეული მწვანილი უნდა მომიტანოს და შინაური კვერცხი ჩამაბაროს, ამისთვის ცნობა უნდა გააკეთოს? რატომ უჭირვებენ ამ ხალხს ასე?"_ ამბობს "გურია ნიუსთან" ეკატერინე დოლიძე.
"არჩევნები მოდის და როგორც ჩვენ დაგვიდგებიან მხარში, ისე მიიღებენ საზოგადოებისგან პასუხს. მაშინ ჯერ სათავე მოაწესრიგონ და მერე მოსთხოვონ ამ გაჭირვებულ მოსახლეობას პასუხი. თავად უნდა იყვნენ მოწესრიგებული. 200 ლარის საქონელი თუ გვაქვს საერთოდ? ისედაც ხალხი რა დღეში ვართ ლარის კურსის გამო და კიდევ რად გვინდა ეს ჯარიმები? გვაშინებენ, გვატერორებენ, აღარ დამთავრდა ის დრო? აბა როდის უნდა დამთავრდეს? ვყიდით ბოსტნეულს, რომ მშიერი არ ვიყოთ და ესენი გვაყაჩაღებენ! საშველი აღარ გვაქვს. მთელი დღე "დაწანწალობდნენ" გუშინ, რამდენიმე ადამიანს კიდევ დაუწერეს ჯარიმა.
ამ საცოდავი ხალხის საშველი რა არის? არაფერი! ვერც ჟურნალისტები გვიშველიან, არც ოპოზიცია არის ჩვენთვის, არც ივანიშვილია და არც სახელმწიფოა გლეხისთვის, გაჭირვებულისთვის. არასოდეს არაფერი ყოფილა და არც იქნება! არაფრის იმედი არ გვაქვს," -ასე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას "გურია ნიუსთან" გარემოვაჭრეები.
უბნის ოფიცერთა სამმართველოს გურიის სექტორის უფროსი ნოდარ ინწკირველი ამბობს, რომ სალარაო აპარატების შეძენასთან დაკავშირებით, გარემოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ:
"მაგათ გაფრთხილებები ჰქონდათ ყველას, რომ შეეძინათ სალარო აპარატები. ორი ჯგუფი იყო ფოთიდან ჩამოსული, ან ბაზარში უნდა შევიდნენ ან აპარატი უნდა შეიძინონ აუცილებლად, სხვა გამოსავალი არ აქვთ უკვე, უკვე რამდენიმე წელია ასე მოდიან, მოენდომებინათ და ამდენ ხანში შეიძენდნენ კიდეც."
– ბატონო ნოდარ, პერიოდულად რატომ ახსენდება საგაასახადოს ეს ადამინები?
– იცით რაშია საქმე? ყოველ დღე ხომ ვერ დაჯარიმებენ 200 ლარით? გაფრთხილებები ჰქონდათ, ყველაფერს მისი დრო აქვს. ერთი თვის მერე ისევ მიაკითხავენ, ამიტომ ასე ნელ -ნელა ავიწროვებენ, რომ რამენაირად მოწესრიგდნენ.
სხვანაირად არ იქნება, რა უნდა ვუყოთ, მითხარით? გაჭირვებულია ეს ხალხი, ჩვენც გვესმის, მაგრამ კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. აქ მეორე ფაქტორიც იკვეთება, სადაც გარემოვაჭრეები ეწევიან საქმიანობას, არის მაღაზიები, რომლებსაც უდგას ეს სალარო აპარატები, მოდიან ისინი და გვეუბნებიან, მე რომ მომთხოვე, აი ჩემს გვერდით რომ ვაჭრობს და ჩემზე მეტს, იმას არ აქვს აპარატიო, ჩვენ როგორა მოვიქცეთ? მართალი არიან ეს ადამიანები. საგადასახადო კი ორ ცეხლს შორის არის მოქცეული"- გვითხრა ინწკირველმა.