ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივ ხელისუფლებას საეჭვო გარიგებასა და ინფორმაციის გასაიდუმლოებაში დასდო ბრალი.
საქმე ისა, რომ აკეთის ადმინისტრაციაში სტიქიის თანხებით ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და აქ სამუშაოებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ ჩრდილო ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში 2010 წლის 11 თებერვალს დარეგისტრირებული ფირმა "ვლადნეფტპროდუქტი" აწარმოებს.
"ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ფირმა ჩრდილო ოსეთში 2010 წლის ოქტომბერშია ლიკვიდირებული და მან საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის 17 აგვისტოს გახსნა, ანუ აკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებულ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე. ფირმას ოფიციალური ოფისი არ გააჩნია. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამხელა თანხიან ტენდერს იგებს, ფიზიკური პირის მისამართზე იყოს დარეგისტრირებული. საეჭვოა ისიც, რომ იგი ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გატარდა რეგისტრაციაში. მერე ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც." -აცხადებენ ფრაქციაში.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვები რომ გაგვექარწყლებინა, გამგეობისგან მოვითხოვეთ , მოეწოდებინათ ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ: რა გამოცდილება გააჩნდა, რა სამუშაოები ქონდა აქამდე განხორციელებული და რა კრიტერიუმებით შეჩერდა მასზე არჩევანი, თუმცა დღემდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.
აქედან გამომდინარე, გვაქვს ეჭვი, რომ გამგეობა შეგნებულად ასაიდუმლოებს აღნიშნულ ინფორმაციას და რაღაც იმალება ამის უკან. ვფიქრობთ, რომ ამ ფირმის საეჭვო ქართული წარმომადგენლობის უკან კონკრეტული პირების სახელი და გვარები იმალება და ტენდერის წინ საგანგებოდ დაფუძნებული ფირმა, გამარჯვებულად სწორედაც კონკრეტულ მაღალჩინოსანთა დახმარებით გამოცხადდა" – განაცხადა ბრიფინგზე ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა ასკურავამ.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, ფირმამ, რომელიც აკეთში ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს, ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინა და აქედან გამომდინარე, მიიღო ტენდერში მონაწილეობა.
"ყველა ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით შესყიდვებში დევს. მე მოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აღნიშნულ ფირმას ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულ წესრიგში ქონდა და შესაბამისად მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა ტენდერში. რაც შეეხება ფრაქციის ბრალდებას, რომ ინფორმაცია გადსაიდუმლოებულია, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, ჩემთან ნამდვილად არ შემოსულა მათი მოთხოვნა"- თქვა ჩხაიძემ.
გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსის მაია აფხაზავას თქმით კი, ფირმამ სრული კანონის დაცვით მიიღო ტენდერში მონაწილეობა და გახდა გამარჯვებული.
"ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვასაიდუმლოებთ. რამდენადაც მახსოვს, აღნიშნულ ფრაქციას ჩვენ მივაწოდეთ მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია", – დასძინა აფხაზავამ.