გასული კვირის შაბათს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სტიქია მოხდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი სტიქიის დროს ლაითურში არ ყოფილა.
"გურია ნიუსი" გურიის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და ერთი კითხვით მიმართა, სად იმყოფებოდა სტიქიის დროს.
" ოზურგეთის სტიქიის დროს მე ვიყავი კაბინეტში და სხვათაშორის სტიქიას აქაც ვებრძოდი, სამუშაო პროცესში ვიყავი. ამის შემდეგ ოზურგეთის მერთან ერთად დავათვალიერე ბაზრის ტერიტორია. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადგილი შარშან სტიქიამ დააზიანა. ასევე დავათვალიერი სხვა უბნები. ამის შემდეგ ჩაქრა შუქი და დამირეკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ რომელიც ადგილზე იმყოფებოდა (საუბარია დაბა ლაითურზე. ავტ) და საქმის კურსში ჩამაყენა. მისგან გავიგე, დაზიანებული იყო სახლის სახურავები, მსხვერპლი არ იყო და ყველაფერს აკეთებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად. იმის გამო, რომ არ იყო ჩემი ასვლა იქ საჭირო, არ წავსულვარ. მე დღესაც მქონდა გამგებელთან და მერთან კონტაქტი და კომისიის მასალებს დეტალურად ვეცნობი."- გვითხრა გია სალუქვაძემ.