ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერის ალეკო ბურჭულაძის ოჯახი 5 მიწის ნაკვეთს, 2 არასაცხოვრებელ ფართსა და ერთი საცხოვრებელი სახლს ფლობს. ამის შესახებ ბურჭულაძის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 1 ოქტომბერს შეავსო.
კერძოდ, ალეკო ბურჭულაძის მამის, მამია ბურჭულაძის საკუთრებაშია ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 248.20 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე მისამართზე მდებარე 501.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
მამია ბურჭულაძე ასევე ფლობს ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდებარე 2000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს;
ხოლო ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 28.00 კვ.მ და 32.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები ალეკო ბურჭულაძის დედის, ლიანა ორგაველიძის საკუთრებაშია; ასევე, მას ეკუთვნის ამავე ქუჩაზე მდებარე 12 კვ.მ-ისა და 374.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთები.
გარდა ამისა, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 34.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, დეკლარაციის მიხედვით, ალეკო ბურჭულაძის შვილის, ალექსანდრე ბურჭულაძის საკუთრებაშია.
დეკლარაციის მიხედვით, ალეკო ბურჭულაძე ფლობს 1999 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა MERCEDES-BENZ-ს (BUR-006).
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, ალეკო ბურჭულაძის სახელფასო ანგარიშზე "ვი-თი-ბი" ბანკში 900.00 ლარი იყო, საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" კი, 565.00 დოლარი.
მამას, მამია ბურჭულაძეს "ლიბერთი" ბანკის საპენსიო ანგარიშზე 120.00 ლარი, ხოლო დედას, ლიანა ორაგველიძეს 150.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ლიანა ორაგველიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 4500 ლარი.
რაც შეეხება ბურჭულაძის შემოსავლებს, რომელიც მან დეკლარაციის შევსებამდე ერთი წლის განმავლობაში მიიღო, ასე გამოიყურება:
ოზურგეთის მერიიდან, სადაც მას მერის პირველი მოადგილის პოსტი ეჭირა 2962.00 ლარი აქვს მიღებული, მერის მოადგილის პოსტიდან – 4881.00 ლარი, ხოლო ვიცე მერის პოსტიდან ჯერჯერობით შემოსავალი მიღებული არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკლარაციის მიხედვით, ალეკო ბურჭულაძის მეუღლე, სალომე ბარამიძე შპს ,,ტრანსუნივერსალის" (საქართველო, ოზურგეთი, გოლიაძის ქ#3, საჯარო რეესტრი, 24/06/2010) პარტნიორია, უვადო ხელშეკრულება 2010 წლის 24 ივნისს აქვს დადებული. შემოსავლის სახით კი, ერთი წლის განმავლობაში 13910.00 ლარი მიუღია.
ოჯახის გასავლებს რაც შეეხება, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალეკო ბურჭულაძემ, 29000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხის დასაფარად (ხელშეკრულების ვადებია 27/11/2014, 27/11/2014 – 27/11/2019) "საქართველოს ბანკს" პროცენტის სახით 585.00 დოლარი გადაუხადა.