საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების (ITS) გაუმჯობესების მიზნით და საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მისაღწევად ქვეყნის საგზაო ქსელის კვლევას იწყებს.
კვლევას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამხრეთ კორეულ კომპანიათა გაერთიანება"SOOSUNG ENGINEERING CO" და"MOON ENGINEERING" ჩაატარებს, რომელთანაც კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. საგზაო ქსელის შესწავლის პროცესის დასრულების შემდეგ კი ქვეყნის საავტომობილო გზებზე (კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით) ახალი სატრანსპორტო სისტემების დანერგვა დაიწყება.
ახალი სისტემები მოიცავს: ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცვლადი და დინამიური საინფორმაციო ნიშნების, სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური იდენტიფიკაციის მოწყობილობების, ინციდენტის გამოსავლენი ვიდეო კამერებისა და გზებზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის შემცველი ელექტრონული დაფების განთავსებას. ასევე, გვირაბებში ელექტროკომუნიკაციებისა და სავენტილაციო სისტემის მაღალი სტანდარტების მექანიზმების მოწყობას.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 201 183.44 დოლარია.