ქართული ინტერნეტსაიტებით წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენითაა დაინტერესებული. ორგანიზაცია "მოქალაქე" "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
"ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს", – ნათქვამია განცხადებაში.