აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოში ვიზიტის თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
პრემიერი თხოვნით მიმართავს პოლიტიკოსებს, დასრულდეს სპეკულაციები ამ საკითხის ირგვლივ, რადგან ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.
"არავითარი გადახედვა არ იგეგმება. ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მ
ე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ, ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.
"ასე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ვესაუბრებით", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.