საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ჰობი დიდი ხეებია.
ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
"ჩემი ჰობია დიდი ხეები. ჩემმა ძმამ მითხრა რომ ჭაობის დიდი კიპარისები არის ყველაზე დიდი ხეები; წამიყვანა წვერმაღალაზე და მაჩვენა ადგილი, სადაც მართლაც გიგანტური კიპარისებია. შუაში გზა გადიოდა. იქვე ლურსმნით მიჭედებული იყო, რომ იყიდებოდა და სასწრაფოდ დავურეკე. მითხრეს, ნაწილი გაყიდული მაქვსო, გასაჩეხად ჰქონდათ გამზადებული. 6 ლარად ჰქონდა გაყიდული და 10-15 დოლარი გადავუხადე, სასწრაფოდ ვიყიდე. შემოვრაგვე ეს ყველაფერი, გზაც გავიყვანე და დავიცავი. თუმცა ელისო კილაძე წერს, რომ ივანიშვილმა იყიდა ეს ტყე წვერმაღალაზე და გაჩეხა. იქვე ეწერა სისულელეები, რომ მოსახლეობა გამოვიდა თითქოს და დამიპირისპირდა. არადა, ძალიან კარგი კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან ადგილზე და ყველა ბავშვთან ვმეგობრობ. აი, ეს არის ის, რაც ჩემს პოპულარობას არ აძლევს დაქვეითების საშუალებას. ასეთი სიცრუეებით ეს უნიჭო ხალხი დათვურ სამსახურს უწევენ საკუთარ თავს და მოსახლეობაში პოპულარობას მინარჩუნებენ", _ თქვა ივანიშვილმა.
ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი კიდევ ერთი ჰობი მებაღეობაა.