ერთადერთი პირობა, რომელიც მარგველაშვილმა წამიყენა არჩევნებამდე იყო ის, რომ მე დაცვით არ ვივლი და ხანდახან საჭეც თავად უნდა ვმართო, რომ ხალხთან ახლოს ვიყოო, _ ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ამის შემდგომ, ერთ-ერთი კამათის საგანი სანამ დავშორდებოდი და დარეკვას ავუკრძალავდი იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი, რაზეც ვუთხარი, ეს როგორ უნდა იკადრო-თქო. რა ვქნა, ბიძინა, 6 რეზიდენცია ჩავაბარე. ვუთხარი – ჯერ ერთი, შენ არ ჩაგიბარებია ეგ რეზიდენცია და მეორეც, ბაბუაშენს არ დაუტოვებია შენთვის ეგ რეზიდენციები-მეთქი. არავითარი აგარაკი არ გეკუთვნის და არც არავინ მოგცემს, ეგ არ არის-თქო. ასევე მე ამოვაღებინე 140 კამერა, ასევე 3 მილიონზე მეტი ჯდებოდა ათონელის რეზიდენციაში ცეცხლგამძლე კარებების დაყენება და ისიც ამოვაღებინე.
ეს კაცი იმ მარგველაშვილს უპირისპირდება, რომელიც პრეზიდენტი არ იყო. დღევანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი დაპირისპირებაში ივანიშვილთან კი არ არის, საკუთარ თავს უპირისპირდება", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კანონი წყვეტს პრეზიდენტმა სად უნდა იცხოვროს.
"ამას კანონი და მთავრობა არეგულირებს, რომ არა ისე, რომ დაადო თავი, შევიდა და ცხოვრობს. ამაზე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ. 1500-2000 კვადრატი სჭირდება მას იმისთვის, რისი უფლებებიც აქვს. არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება რეალურად, არაფრით დატვირთული არ არის, არავითარი დიდი "სტაფი" მაგას არა ჰყავს. პირველ რიგში კანონი პრემიერმა და პრეზიდენტმა უნდა დაიცვას, მარგველაშვილი კი, მას არღვევს. ამბობს, მერე რა მოხდა 16 000 კვადრატული მეტრი თუ მიჭირავს, ეს ივანიშვილის პრობლემაა და მე ცხრაჯერ გადავიდოდი, დაცვის გარეშე ვივლიდიო, მაგრამ ერთი კაცის ნებას არ დავემოჩილებიო. ერთი კაცის ნებას კი არა, კანონს უნდა დაემორჩილოს", _ აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მარგველაშვილის ბიოგრაფია კარგად რომ შეესწავლა, მას კანდიდატად არ წამოაყენებდა.