NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი _ 13%.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ ან საერთოდ რას აბრალებენ ისინი მმართველი გუნდის რეიტინგის ვარდნას.
ნანა ზაქარიაძე:
_ შეიძლება, უპასუხოდ დავტოვო ეს კითხვა? კომენტარის გარეშე.
ქეთევან თალაკვაძე:
_ ახლა საერთოდ ურწმუნოებაა და მაგი სიცრუე თავიდანაც იყო.
გაიოზ ლომინაძე:
_ არ არსებობს, ვერ გაიმარჯვებენ ვერასდროს "ნაციონალები", ისე ბაზარში იკითხეთ, რა ფასებია.
ნადია ბურჭულაძე:
_ ფაქტი ხომ სახეზეა? ანუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო უფრო მეტი ხმა. ენატრება ხალხს "ნაციონალური მოძრაობა".
ლევან ასათიანი:
_ არ მჯერა მაგ მონაცემების. მგონია, რომ ტენდენციურია მაგი ხალხი, ძველებთან არიან დაკავშირებულები.
ავთანდილ ლომთაძე:
_ "ქართულმა ოცნებამ" დაპირებები არ შეასრულა, რამაც რეიტინგის დაცემა გამოიწვია, თან სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური გუნდი ხალხზე უნდა ზრუნავდეს, ისინი კი ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან.
ბორის უნგიაძე:
_ არასწორია, თავისი სასარგებლოდ იყენებენ. ეს არის "ნაციონალების" კვლევის ინსტიტუტი, რატომღაც ასე მგონია.
ნინა ბერძენიშვილი:
_ მე, შვილო, გონებაჩლუნგი და უნიჭო არ ვარ. არ ვიცნობთ კანდიდატებს. ავირჩევთ ერთს, ვენდობით, მერე ამბობენ, არ არის კარგიო. კიდევ ავირჩევთ, კიდევ არ არის კარგიო. ახლაც აზრზე არ ვარ, ვინ ავირჩიო.
ლაურა ჭერენდლიშვილი:
_ ცხოვრება ძალიან არის გართულებული, რაც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აისახა. "ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემა მთავრობის უმოქმედობამ გამოიწვია. არაფერს არ აკეთებენ, ქვეყნისთვის განსაკუთრებით პრობლემატური სფერო კი ეკონომიკაა, წამლების ფასებზე არაფერს ვიტყვი _ საშინლად გაძვირდა მედიკამენტები. არც ერთ სფეროში პროგრესი არ ჩანს, უფრო რეგრესია.
ნანა მეტრეველი:
_ ხალხი "ქართული ოცნებისგან" უფრო მეტის მოლოდინში იყო, მაგრამ მოტყუებისა და იმედგაცრუების მეტი ვერაფერი ნახა. ისეთი ნეგატიური განწყობაა ხალხში, როგორც "ქართული ოცნების", ისე ძველი ხელისუფლების მიმართ, რომ ვერ გეტყვით, რომელიმე მათგანი თუ შეძლებს ამომრჩეველთა უმეტესობის ხმების მოპოვებას.
გია მამუკაშვილი:
_ მაგ კვლევას არ ვენდობი, NDI სულ იტყუება.