ჩოხატაურის თეატრალური ისტორია 130 წელს ითვლის. ჩოხატაურში პირველი წარმოდგენა 1885 წლის 3 ნოემბერს გაუმართავთ გიმნაზიის შენობაში, სადაც წარმოუდგენიათ გ. ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია "ძუნწი" და აკ. წერეთლის ვოდევილი "ბუტიაობა". ამ პერიოდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, პირველი წარმოდგენები საქველმოქმედო მიზნით იმართებოდა. ამის დასტურია იმჟამინდელი ჟურნალ-გაზეთები: "დროება", "თეატრი", "ცნობის ფურცელი". წარმოდგენებზე შემოსული თანხით ეხმარებოდნენ ჩოხატაურის სოფლებში არსებულ სკოლებს, სამკითხველოებს, ღარიბ მაყურებლებს.
ამ პერიოდში წარმოდგენების დადგმას, უმეტესად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. სპექტაკლები ხშირ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ, სკოლებში ან პროგესულად მოაზროვნეთა ოჯახებში იმართებოდა; მაგალითად, სოფ. სამებაში წეროძეების ოჯახის ინიციატივით, სოფ. გოგოლესუბანში ანტონ ბერძენიშვილის "ოდაში", სადაც ხშირად იმართებოდა წარმოდგენები იჟამად ბათუმის გიმნაზიის მოსწავლის, შემდგომ კი აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე, შუაფარცხმაში _ გლახუნა ბერძენიშვილის ოჯახში.
1913 წელს ჩოხატაურში გაიხსნა სახალხო სახლი, რომელსაც სახელოვანი ქართველი მსახიობის ლადო მესხიშვილის სახელი მიაკუთვნეს. სახალხო სახლის გახსნასთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილს სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. დიდმა მსახიობმა ადგილობრივ სცენისმოყვარეებთან ერთად შეასრულეს ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ამ იუბილის დამაგვირგვინებელი "აკორდი" ლადო მესხიშვილის სტუმრობა იყო.
1921 წელს ჩოხატაურის თეატრის კომისრად დაინიშნა სერგო ბოლქვაძე, რეჟისორად _ აკაკი ცინცაძე. დასი შეივსო ნიჭიერი სცენისმოყვარეებით: სანდრო რამიშვილი, მიშა ჯალაღანია, ნიკო სიხარულიძე, ერმალო ბურჭულაძე, შოთა, დიმიტრი, ბიჭიკო ცინცაძეები, თამარ რამიშვილი, ვასილ, ლენა დუმბაძეები, ზინა ბერძენიშვილი, დარეჯან ჩიჩუა, კოკი რამიშვილი, ბესარიონ ნინიძე, ლუბა მეგრელიშვილი და სხვები. ისინი შთამბეჭდავ სახეებს ქმნიდნენ სპექტაკლებში: გედევანიშვილის "სოფლის გმირები," ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა," ყაზბეგის "არსენა", ერისთავის "სამშობლო", გუნიას "მონადირე" და სხვა.
ჩოხატაურის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში შერწყმული იყო ჯანსაღი იუმორი და სატირა, მუსიკალური და დრამატული სცენები, სადა, ქმედითი თხრობა, ზოგჯერ კი შემტევი ტონიც. იდგმებოდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი კლასიკოსების პიესები.
1931 წელს მოულოდნელად დაიწვა თეატრის შენობა. თეატრის ახალი შენობა აიგო 1932-1933 წწ.
ჩოხატაურის თეატრის დასს ნაყოფიერი მუშაობისთვის 1936 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად დაინიშნა ბატონი მიხეილ ჯალაღანია. მას გვერდით ედგა მისი მეუღლე ქალბატონი ნაზი კეჭაყმაძე. სახელმწიფო თეატრმა წარმატებით იმუშავა თორმეტი წლის მანძილზე. შემდეგ კი, როგორც მთელ საქართველოში, პერიფერიების სახელმწიფო თეატრებს, ჩოხატაურშიც, უსახსრობის გამო, თეატრს დოტაცია მოუხსნეს და 1948 წელს სახელმწიფო თეატრი გაუქმდა. მაგრამ თეატრის დასს შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია და ჩოხატაურის თეატრის მაყურებელს კვლავ მაღალპროფესიულ დონეზე დადგმულ სპექტაკლებს სთავაზობდა.
1959 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო დადგენილება სახალხო თეატრის შექმნის შესახებ. რეჟისორად დაინიშნა ვლადიმერ ღამბაშიძე.
1960 წლის 4 იანვარს სახალხო თეატრმა წარმოადგინა ბათიაშვილის "ოქროს სათუთუნე". ამავე წელს ჩოხატაურის თეატრმა მონაწილეობა მიიღო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ სახალხო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაში. სადაც წარმოადგინეს ტრიფონ რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", რომელიც დადგა საქართველოს სახალხო არტისტმა ვიქტორ ნინიძემ. ჟიურის გადაწყვეტილებით, სპექტაკლს მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი. ასევე, დიპლომებით დაჯილდოვდნენინდივიდუალური შემსრულებლები. სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობებს წარმატება მიულოცა საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა აკაკი ხორავამ.
ჩოხატაურში სტუმრად ჩამოსულმა ცნობილმა მსახიობმა ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, ჩოხატაურის თეატრის დასთან ერთად ითამაშა სპექტაკლებში "დარისპანის გასაჭირი", ანტონ ჩეხოვის "დათვი", ვოდევილებში _ "არიქა, მიშველე", "დუელი", "სოფლის ფერშალი".
1967 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სარაიონო თეატრების დათვალიერებაზე, ჩოხატაურის სახალხო თეატრმა წარმოადგინა შ. როყვას პიესა "დედა". სპექტაკლს პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა. სპექტაკლის დამდგმელი იყო მიხეილ ჯალაღანია, თვითმოქმედმა მსახიობებმა თავიანთი როლები პროფესიულ დონეზე შეასრულეს.
აი, ასეთი შეფასება მისცა სპექტაკლ "დედას", საქართველოს სახალხო არტისტმა ვახტანგ ნინუამ: "მე მომხიბლა ამ სპექტაკლის აკადემიურობამ, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, ვიტყოდი _ ჩემ წინ იყვნენ კვალიფიციური მსახიობები და არა სცენისმოყვარეები".
საქართველოს სახალხო არტისტი ვიქტორ ნინიძე: "ჩემი თეატრალური მოღვაწეობა განუყრელადაა დაკავშირებული ჩოხატაურის თეატრალურ ცხოვრებასთან და გულითადად მახარებს, რომ დღევანდელი სახალხო თეატრი, თითქმის უტოლდება ბევრ აკადემიურ თეატრს".
პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა მთავარი როლის შემსრულებელს ქალბატონ თამარ მახარაძეს.
ამავე პერიოდში, წარმატებით დაიდგა ებრალიძის "ამბავი ერთი სიყვარულისა", წეშრეთელის "ქრისტინე", კანდელაკის "ამაღლებული სოფელი", ყაზბეგის "მამის მკვლელი" და სხვა.
ჩოხატაურის თეატრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ჩვენს სცენაზე სხვადასხვა პერიოდში წარმატებით დაიდგა ნ. დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ნუ გეშინია, დედა", "თეთრი ბაირაღები", "სისხლის ძახილი".
რეჟისორ ბიჭიკო ღამბაშიძეს დიდი შრომა დასჭირდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების დადგმისათვის. წარმოდგენები გამოირჩეოდა მსახიობთა მართალი, ბუნებრივი თამაშით. სცენისმოყვარეები ძალდაუტანებლად, თავისუფლად მოქმედებდნენ.
ჩოხატაურის თეატრმა წარმატებით აჩვენა სპექტაკლები ქალაქ თბილისში გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრში. სხვადასხვა დროს წარმოადგინეს "მინდვრის დედოფალი" და "დაჭრილი არწივი" (რეჟისორი ილია არობელიძე) მოზარდ მაყურებელთა თეატრში "შუაზე გაყოფილი ცრემლი" (რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე).
ჩოხატაურის თეატრში, წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რეჟისორები: სერგო ბოლქვაძე, თედო წეროძე, მიხეილ ჯალაღანია, მიხეილ ნინიძე, ოთარ ანდრონიკაშვილი, სანდრო რამიშვილი, გაიოზ გოგიბერიძე, როსტომ ყენია, ზურაბ ხვედელიძე, ჯიმშერ ხოხიაშვილი, ვაჟა გოგოლაძე, ბიჭიკო ღამბაშიძე, ილია არობელიძე და სხვა. მხატვრები: შალვა ძნელაძე, გურამ ნინიძე, ირაკლი გორდელაძე, დავით უღრელიძე, ჯემალ ცინცაძე და სხვ. მუსიკალური გამფორმებლები: მურმან ბერულავა, ბონდო ბენდელიანი, ავთო მახარაძე, თენგიზ შამილაძე. მსახიობები: ანტონ ბარათაშვილი, გიგა სურმანიძე, ალექსანდრე შონია, ლელი პაიჭაძე, თამარ მახარაძე, თამარ ჯიხვაძე, მერი გიორგაძე, ლამარა დოლიძე, თამარ პაიჭაძე, ზოია ბარამიძე, ლოლა კობიძე, გურამ მეგრელიძე, შურა ოსეფაიშვილი, ტიტე შარაშიძე, მუხრან ჩიჩუა, არსენ დუნდუა, ენვერ ფასეიშვილი, ვანო ჟღენტი, ლევან გავაშელიშვილი, ვასო ბუბუტეიშვილი, ნუგზარ გურიელიძე, ზაურ კეკელიძე, ლელა კიკვაძე, მზია სიხარულიძე, ნინო ნინიძე, ვლადიმერ და აკაკი მელაძეები და სხვები.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონ ბონდო ბენდელიანისა და რევაზ თედორაძის უდიდესი ღვაწლი ჩოხატაურის თეატრისადმი. არ იყო ადვილი ენთუზიაზმზე დამყარებული თეატრის ასეთი წარმატებული მუშაობა, რის შედეგადაც, ჩოხატაურის თეატრი საქართველოში მოწინავე თეატრების გვერდით თავის სიტყვას ამბობდა. ჩვენი თეატრის მაღალი პროფესიული დონე აღუნიშნავთ ქართული სცენის ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, ვიქტორ ნინიძე, დოდო ანთაძე, დიმიტრი ალექსიძე, გაიოზ იაქაშვილი და სხვები.
როგორც აღვნიშნეთ, თეატრს ჰქონდა, როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი პერიოდები.
2007 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ კეკელიძის ძალისხმევით კვლავ აღდგა სახალხო თეატრი, რომელსაც სათავეში უდგას გიორგი ცინცაძე, რომელმაც რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი განახორციელა და მაყურებლის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. დაიდგა სპექტაკლები: 2007 წელს ნაწყვეტები ნ. დუმბაძის ნაწარმოებებიდან ; 2008 წელი _ ნოდარ დუმბაძე, "თეთრი ბაირაღები" (საბრალდებო დასკვნა); 2009 წელი _ ა.დევიძე, "ჩემი სიდედრი"; 2010 წელი _ ა.ნესენინი, "ქალაქში მანიაკი დადის"; 2011 წელი _ შადიმან შამანაძე,"ქალაქში მანიაკი დადის"; 2012 წელი _ ნოდარ დუმბაძე, "სისხლი"; 2013 წელი _ თამაზ მეტრეველი, "სუპერ-ქართველები"; 2014 წელი _ დუმბაძე, ბათიაშვილი, გოგიაშვილი, სტრახოვსკი, "ვოდევილების საღამო"; 2015 წელი _ ნ.დუმბაძე "გამოდი სულო სინათლეზე, ანუ ჭკვიანი გიჟები";
აღსანიშნავია, რომ სახალხო თეატრმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ თეატრალურ საზოგადოება ისევ აალაპარაკა.
გორში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალზე "გორი-2015" , რომელშიც 8 თეატრი მონაწილეობდა, ჩოხატაურის სახალხო თეატრმა წარმოადგინა _ "გამოდი, სულო, სინათლეზე ანუ "ჭკვიანი გიჟები". სპექტაკლმა ჟიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის რეჟისორი და მხატვარი გახლავთ გოგი ცინცაძე, მუსიკალური გამფორმებელი _ ნინო სიხარულიძე, რეჟისორის ასისტენტი _ შალვა შარაშიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი _ კოტე სიხარულიძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: გალაქტიონი, ქოფაკა _ ვასილ ბუბუტეიშვილი; ბაჩანა, ნოდარი, სოსოია _ გიორგი სიხარულიძე; ბეჟანა _ გია ხვინჩიაშვილი; დიდრო _ შოთა ყაჭეიშვილი; პართენა წვერა _ გიორგი ცინცაძე; მარგო _ ქეთევან კუკულავა; ლოთი _ ავთანდილ მახარაძე; კოკა _ რეზო კოტრიკაძე; ბერძენა _ არჩილ სიხარულიძე.
ფესტივალი 21 სექტემბერს გაიხსნა და 23 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურა.
სახალხო თეატრები წარადგინეს სხვადასხვა ნომინაციებში. ჩოხატაურის სახალხო თეატრი წარდგენილ იქნა 4 ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში და დაჯილდოვნდნენ კიდეც.
საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა ნინო სიხარულიძე; მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის _ შოთა ყაჭეიშვილი; ქალის მეორე ხარისხოვანი როლი საუკეთესო შესრულებისთვის _ ქეთევან კუკულავა. ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა შოთა ყაჭეიშვილმა.
ჟიურის წევრების _ ლელა ოჩიაურის, ნიკა წულუკიძისა და ლაშა ჩხარტიშვილის მიერ შეფასებული ნომინანტები საზოგადოებას გააცნო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა ხვიჩიამ. ფესტივალის მთავარი პრიზი _ გრანპრი (საუკეთესო სპექტაკლი) დაიმსახურა საგარეჯოს სახალხო თეატრმა.
ვულოცავთ ჩოხატაურის სახალხო თეატრს ამ წარმატებას და ვუსურვებთ, კვლავ წარმატებით და სისტემატურად მიეღოს მონაწილეობა თეატრალურ ფესტივალებში.