საქართველოში ორ თვეში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი, სერ გარი ჯონსონი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის, სერ გარი ჯონსონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
მხარეებმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 1990-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწეობდა.