საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. უწყების ინიციატივაზე თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე.
"დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები.
ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი – ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", _ განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ 2014 წელს, ქართულმა ჯარმა 460 ტონა ხორცი მოიხმარა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც ხორცი შემოაქვთ.