გუშინ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად უარყოფს გვარამიას ბრალდებას.
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება.
მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან". –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.