"რამდენიმე წელია ველოდებით, როდის მოვლენ და მოგვაქცევენ ყურადღებას, მაგრამ არავინ ჩანს. დღითიდღე უარესდება ჩვენი მდგომარეობა. წინასაარჩევნოდ მოვიდნენ, დაგვიყარეს თუნუქი, ისიც რამდენიმე ცალი და რომ წავიდნენ, უკან არც მოუხედავთ. ახლაც მოვა არჩევნები, ისევ დავჭირდებით და ისევ დაწყებენ სირბილს, არიქა, რა გჭირდებათო", _ ამბობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ე. წ. "საყვავილეს" ბინებში მცხოვრები მოქალაქეები.
აღნიშნულ ბინაში მცხოვრები 16 ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას "გურია ნიუსის" საშუალებით სთხოვს _ მათი ძირითადი მოთხოვნა სახურავის გამოცვლა და ბუნებრივი აირის შეყვანაა.
_ ბინა მეტად ავარიულ მდგომარეობაშია. ორი წლის წინ, მარტში რომ სტიქია იყო, იმის მერე შეტანილი გვაქვს განცხადებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოვიდნენ, შეამოწმეს, შეადგინეს სადეფექტო აქტები, დაგვპირდნენ, მოვალთ და გადავხურავთო, მაგრამ საერთოდ არ გამოჩენილან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ _ ოთახში წვიმა ჩამოდის და თასებით დავრბივართ. ღამე შიშით ვიძინებთ, თავზე რომ არ დაგვენგრეს სახლი. ადამიანებად არავის მივაჩნივართ. არჩევნები რომ მოახლოვდება, ყველას მაშინ ვახსენდებით. წინასაარჩევნოდ დღე არ გავიდოდა, ყველა პარტიის წარმომადგენლები არ მოსულიყვნენ _ ხმების სანაცვლოდ გადაგიხურავთ ბინებსო. მერე ყველას დავავიწყდით. ახლა ზამთარი მოდის. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ასეთ პირობებში ცხოვრება შეიძლება? _ თქვეს ბინის მცხოვრებლებმა.
ორსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ორი წელია, ოზურგეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების უმეტესობას სახურავები შეუცვალეს, მათ კორპუსებს კი ყურადღება არავინ მიაქცია.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აქაურებს აწუხებთ, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემაა. ადგილობრივების თქმით, სისტემა მოძველებულია, ამიტომ, მწყობრიდან ხშირად გამოდის.
ადგილობრივები უგზოობაზეც საუბრობენ.
მარიამ ჯიკაევი: "ვინ იცის, რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რამდენი განცხადება დავწერეთ. ასეთ მდგომარეობაში ვართ 20 წელიწადზე მეტია, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საგანგაშო მდგომარეობაა _ წვიმის დროს სახლში ვერ გაჩერდები, კედლები სულ დაბზარულია ნესტისგან. თავს როგორ ვირჩენთ, არ ვიცით ფიზიკურად ვმუშაობთ, ზოგი _ მომვლელად, ზოგი _ ბარავს და ასე ვწვალობთ. უმეტესობას სოციალური დახმარებაც კი არ დაუნიშნეს. მოუთმენლად უნდა ელოდო არჩევნების მოსვლას, რომ, იქნებ, გავახსენდეთ და რაიმე სახის დახმარება გაგვიწიონ".
რუსუდან ხურციძე: "წამოდით ჩემს სახლში და ნახეთ, რა მდგომარეობაა. ამ ზამთარს ნამდვილად ვერ გადავურჩებით. ლოგინი წვიმისგან სულ დამპალია. სიღარიბის ზღვარს ქვევით ვარ, ძალიან მიჭირს. იქნებ დაგვეხმარონ და სახურავი მაინც გაგვიკეთონ, რომ არ ჩამოინგრეს ეს ბინები".
ლიანა სოფრონოვა: "პრობლემების მეტი რა გვაქვს?! გულით ავადმყოფი ვარ, სოციალური დახმარება არ მეძლევა. მარტოხელა მოხუცი მხოლოდ პენსიის იმედზე ვარ, 90 ლარის წამლები მჭირდება მარტო ერთ თვეში და ისიც ფასდაკლებით. რაში უნდა მეყოს პენსია? პური ვიყიდო თუ წამლები? სახლში მაწვიმს, მათოვს, გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს".
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში ბადრი გობრონიძე განმარტავს, რომ "ე. წ. "საყვავილის" დასახლებას მუნიციპალიტეტმა გადასცა თუნუქის მასალა ბინების გადასახურად, თუმცა, ადგილობრივები სახლის გადახურვას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. დამატებით ითხოვენ ხის მასალასაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი მათ წლის ბოლომდე გადასცემს და გადახურვაშიც დაეხმარება".







































































