ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის გასაზრდელად სპეციალური ღონისძიებები ტარდება.
როგორც ცნობილია, სადღეისოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდი აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაზე დაავადებათა პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება პროექტი "ოჯახის ექიმების განათლება ონკოლოგიის საკითხებზე.
"ონკოლოგიური სიფხიზლე" ეს არის ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტ-ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს უზიარებენ.
ამ ეტაპზე მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები სამეგრელოში, გურიასა და თბილისში ტარდება.
გურიაში – ოზურგეთსა და ლანჩხუთში მიმდინარე შეხვედრებზე მოწვეულია ჩეხი ექსპერტი – დოქტორი ლუბომირ შკოპალი, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ქართველ კოლეგებთან ერთად ონკოლოგიის სფეროში ჩეხურ გამოცდილებას გაუზიარებს. იგი ასევე ისაუბრებს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებზე და მათი მკურნალობის მეთოდებზე.
შეხვედრები 2-4 ნოემბერს ოზურგეთში, ხოლო 5-7 ნოემბერს ლანჩხუთში ჩატარდება.
ტრენინგი მესამე მოდული მთლიანად დაეთმობა ონკოლოგიურ პაციენტთა რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის თემებს, რაც ასევე დიდწილად მოითხოვს პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიურ ჩართულობას.
ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში იზრდება. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იზრდება.
პროექტი ხორიცელდება "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის", "ონკოპრევენციის ცენტრისა" და არასამთავრობო ორგანიზაციის – "თანადგომა" თანამშრომლობით. მის ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიაში, რათა სამომავლოდ მათ უკეთ შეძლონ მოსახლეობის ინფორმირება კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის თაობაზე და უშუალოდ ჩაერთონ კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენაში.
ტრენინგებს უძღვებიან ონკოლოგიის ექსპერტები რემა ღვამიჩავა და იოსებ აბესაძე. შეხვედრებზე განიხილება ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა, საქართველოში არსებული სკრინინგის პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.




































































