ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ პოლიციელების ცემაში მსჯავრდებული პირებისთვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა, გუშინ, საღამოს 19:00 საათისთვის დასრულდა, მოსამართლეთა გადაწყვეტილებით კი, განაჩენი დღეს დილით, 11 საათზე გამოცხადდა.
მსჯავრდებულების ადვოკატები გუშინვე ვარაუდობდნენ, რომ განაჩენი ისე დადგებოდა, მოსამართლეები საქმის მტკიცებულებების გაცნობას ვერც მოასწრებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პოლიციის შენობიდან ხელბორკილებდადებული ბრალდებული თემურ გაბუნია გაიქცა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა გაქცევა ნათესავების დახმარებით მოახერხა, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ თავად მსჯავრდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს.
საქმეზე ბრალი 7 პირის წაუყენეს, აქედან ორი ქალია. პირველი ინსტაციის სასამართლომ, ზუგდიდში, 5 პირს (ბოჩია ასაბაშვილს, ვაგნერ წულაიას, შალვა პატარაიას, გოგიტა კეკელიას და ცოტნე გაბუნიას) პატიმრობა, ბრალდებულ ქალბატონებს – მაია და ინეზა კეკელიებს კი, 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
მსჯავრდებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნატრული აკობიას მიერ, 2015 წლის 9 ივნისს გამოტანილი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
მსჯავრდებულების ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. მათივე განმარტებით, მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიეცათ თანაბარ პირობებში პროცესის წარმართვის საშუალება. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მოსამართლე პროკურატურის მიმართ აშკარად მიკერძოებული იყო.
თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიამ (მარინე იმერლიშვილი, მარინე სირაძე, ვერა დოლიძე) რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.
მსჯავრდებულ მაია კეკელიას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას გუშინ ვარაუდობდა, რომ განაჩენი ისე დადგებოდა, მოსამართლეები საქმის მტკიცებულებების გაცნობას ვერც მოასწრებდნენ.
"დღევანდელი პროცესიდან დადგინდა, რომ მოსამართლეებს მოსმენილიც კი არ ჰქონდათ სხდომის ოქმები. ამას ვამბობთ იქედან გამომდინარე, რომ როდესაც მსჯავრდებული მაია კეკელია საუბრობდა სხდომის ოქმებთან დაკავშირებით, მოსამართლე ეკითხებოდა, რომელ სხდომის ოქმებს გულისხმობდა ის. არა მგონია, სახლში რომ მივლენ ეს მოსამართლეები სხდომის ოქმების მოსმენა დაიწყონ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა. ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ მოსამართლეებმა საქმე ერთ ღამეში შეისწავლონ. თუ მონასმენი არა აქვთ სხდომის ოქმები და დილით განაჩენის გამოცხადებას აპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის შესწავლის გარეშე აპირებენ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, რაც რეალურად დაუშვებელია.
არ მინდა, წინასწარ გავაკეთო ცუდი პროგნოზი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ხვალ cope-paste-ით, ანუ პირველი ინსტანციის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებს. თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად მივაღწევთ სიმართლეს", _ აღნიშნა გუშინ "გურია ნიუსთან" საუბრისას კაკაბაძემ.
ამავე თემაზე:
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
პატრულის ცემისთვის ქალბატონებს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა (ვიდეო)
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დროულგამოძიებას ითხოვს
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"