"საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ ვებგვერდს თუ დავეყრდნობით, "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვის ცენტრებში მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზებას და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანას. ყველა დაკვეთა მერცხლის სისწრაფით, თავდაუზოგავი შრომითა და კაცთმოყვარეობით სრულდება. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ გადაადგილებას."
თუმცა, ეს ყველაფერი საიტზე _ რეალობა სრულად განსხვავებულია. კომპანია მომხმარებლებს არათუ "მაქსიმალურ კომფორტს", კარგ სკამსაც კი ვერ სთავაზობს _ ყოველ შემთხვევაში ასეა ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრებში.
განსაკუთრებული სავალალო მდგომარეობა ჩოხატაურის სერვისცენტრშია _ ძველებური დახლები, რამდენიმე მორყეული სკამი და ერთიც მაგიდა, რომელსაც, არ არის გამორიცხული, დაყრდნობის შემთხვევაში ფეხი მოძვრეს. შესაბამისად, რომ არ დაიმტვრეთ, "მერცხლის სისწრაფე" ნამდვილად არის საჭირო.
_ გაგვიკეთეს უკვე რემონტი _ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს, _ ირონიით გვითხრეს ფოსტის თანამშრომლებმა, რომლებსაც მომხმარებლების საყვედური მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ხშირად ესმით.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.
"საქართველოს ფოსტის" მხოლოდ საფოსტო მომსახურებებიდან შემოსავალი 2013 წელს შეადგენდა 10 მლნ-ზე მეტ ლარს, ხოლო 2014 წელს 13 მლნ-ს მიაღწია.
შპს "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 1,825 ადამიანი. მათგან კონკრეტულად საფოსტო მომსახურებებზე მუშაობს 1191 ადამიანი, ფოსტალიონთა რაოდენობა კი 409-ს შეადგენს.
როგორც "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები ამბობენ, მათ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, დაბალი ანაზღაურებაც აწუხებთ, რაზეც კომპანიის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ და არც თანამშრომელთა ხელფასის რაოდენობას ასახელებენ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, საარსებო მინიმუმზე დაბალია.
რაც შეეხება მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, პრესსამსახურში გვირჩევენ, რომ გარემონტებული ფილიალები ვნახოთ:
_ გარემონტებული რომელიცაა, იმის დანახვაც ხომ შეიძლება? ნელ-ნელა, ეტაპობრივად, მთელ საქართველოში მიმდინარეობს ოფისების განახლება. მაქამდეც მოვალთ აუცილებლად. ახლა, 4 სერვისცენტრი გარემონტდა სამეგრელოში, ჩოხატაურის და ოზურგეთის ფილიალებიც აუცილებლად გარემონტდება, _ გვითხრეს პრესსამსახურში.