თბილისის საქალაქო სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"2015 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლევან და გიორგი ყარამანიშვილისა და შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლებმა საჩივრით მომართეს. მოპასუხე მხარე საჩივრით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ამავე განჩინების მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
აღნიშნული საჩივრის წარმოებაში მიღება – არ მიღების საკითხზე ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე ხუთი დღის ვადაში იმსჯელებს. საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში კი, სასამართლოს საჩივრის განხილვისათვის ოცი დღე აქვს.
ცნობისათვის: 2015 წლის 5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება და დააკმაყოფილა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ში ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით, დროებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნა, რომელსაც სასამართლოს განჩინებით მიენიჭა ყველა ის უფლებამოსილება, რომელითაც მართვის და წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირები (ყოფილი მენეჯმენტი – ნ. გვარამია და კ. დამენია) სარგებლობდნენ, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე. ამავე განჩინებით, დროებით მმართველად დანიშნულ რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს უფლებამოსილების განხორციელება 2015 წლის 5 ნოემბრიდან დაეკისრათ", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.