თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შესაბამისად, დაცულია გენდერული ბალანსი კანდიდატებს შორის ერთი ქალია. სამინისტროს განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
იუსტიციის მინისტრმა შერჩეული კანდიდატები დღეს, საპროკურორო საბჭოს წარუდგინა. შესაბამისი წარდგინებები საპროკურორო საბჭოს საიტზე განთავსდა (pc.gov.ge).
ხვალ, 19 ნოემბერს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.
ხვალ, არჩევნებზე დაკვირვება შეეძლებათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების, მედიის წარმომადგენლებს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. "მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას", – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.