გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით გუბერნიის თანამშრომლის, ნესტორ რამიშვილის ქმედებაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება:
_ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს საღამოს მივიღებ. მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილი გუშინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე იყო სამსახურიდან გათავისუფლებული, ის რაც მოხდა დაუშვებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე ეხება ჟურნალისტის შეურაცხყოფას. ადამიანური ფაქტორიცაა და საჯარო მოხელე ასე არ უნდა იქცეოდეს.
მე ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა და გასაუბრება. დღის ბოლომდე შევხდები, დავაზუსტებ რა მოხდა. არ მინდა, რომ მისი უფლებები შევლახო.
თუმცა, გეტყვით, რომ ვნახე პუბლიკაცია, ვიდეო და გავესაუბრე იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ბევრი რამ არ ჩანს, არ ვიტყვი, რომ არაფერი მომხდარა, რადგან იქ მყოფი ადამიანებისგან მაქვს ინფორმაცია. გპირდებით, რომ ჩემი რეაგირება იქნება ობიექტური. ჩამოვყალიბდები საღამომდე და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩოხატაურში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, საჯარო მოხელეების თითქმის სრული შემადგენლობა იყო მობილიზებული.
აქვე იმყოფებოდა გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი, რომელიც "გურია ნიუსის" შეკითხვამ, რატომ იყო სამუშაო საათებში აქ, ისე გააღიზიანა, რომ შეურაცხყოფასაც არ მორიდებია: _ ვინ ხართ, რა უფლებით მისვამთ შეკითხვებს, ვინ გეკითხებათ, სად ვარ?!! თქვენ მოგიტ….ნთ! _ გინებასაც არ მორიდებია რამიშვილი.
იხილეთ: ჩოხატაურში, "ოცნების" ყრილობა გუბერნიის თანამშრომლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფით "გაიხსნა"