რადიკალური სუნიტური ტერორისტული ორგანიზაციის ISIS რიგებში საქართველოს მოქალაქეების გაწევრიანების შესახებ საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 8 თვის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს ისლამური სახელმწიფოსთვის აგროვებდა:
"სოციალური ქსელის მეშვეობით მოქმედი ალ-ყაიდას მსგავსი ისლამისტური ბანდა აგროვებს თავისი რიგებისთვის ახალგაზრდა დაბალი განათლების დონის მქონე მაჰმადიან რეკრუტებს ისლამისტური იდეოლოგიისთვის და აქტიური იატაკქვეშა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებისთვის, თურქეთის მოქალაქე ვინმე თაჯუდინ ალ-ბაიბურთი სარგებლობს რა თურქული სპეცსამსახურების მფარველობით აქტიურად ამარაგებს აჭარის და პანკისის ახალგაზრდა მაჰმადიანებს საკუთარ ისლამისტურ ვაჰაბისტურ იდეოლოგიით, რათა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნას ე.წ. "ისლამური ხალიფატის" ბაზა, რომელიც ჩრ.კავკასიის ემირატს გაუერთიანდება ოდესმე.
არაბი და თურქი ემისრები ამარაგებენ და სამომავლოდ იბირებენ თავის მხარეს ვაჰაბიზმის მიმდევრებს ინტერნეტის მეშვეობით, რადიკალური სუნიტური ტერორისტული ორგანიზაციის ISIS რიგებში უკვე არიან ქისტური წარმოშობის ახალგაზრდა მაჰმადიანები, რომლებიც იბრძვიან სირიაში და ერაყში, ამასგარდა ზემო აჭარაში და ბათუმში უკვე 15-20 ახალგაზრდა ქართველიც ჩაება ტერორისტების ქება/დიდებაში, საქართველო დასავლეთის პარტნიორების თვალში საბოლოოდ გაამართლებს რუსების მიერ ჩვენს ქვეყანაზე თავსმოხვეულ სტიგმას "რადიკალური ისლამის სამჭედლოს" სახით", _ წერია სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილ გვერდზე სახელწოდებით “საქართველოს სახელმწიფოს მტრები“.
აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნებულია თაჯუდინ ალ-ბაიბურთის და იმ ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც სირიაში საბრძოლველად წავიდნენ.
„გურია ნიუსის“ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ალ-ბაიბურთი ვაჰაბიტია, აქვს საკუთარი სასწავლო პროგრამები და ჰყავს ბევრი მიმდევარი.
გვითხრეს ისიც, რომ ბაიბურთი საქართველოს ხშირად სტუმრობს. „გურია ნიუსის“ შეკითხვაზე დაიკითხა თუ არა ალ-ბაიბურთი შესაბამისი სამსახურების მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხი არ გასცეს. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის თქმით, ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს.
გიორგობიანი განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში 8 თვის წინ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს:
_ ყველა მსგავსი შინაარსის საიტზე გამოძიება მიმდინარეობს. მათ შორის აღნიშნულ სტატუსზე, ასევე ჭაღალიძის მიმართვებზეც, _ გვითხრა გიორგობიანმა.