დღეს, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საერთაშორისო კამპანია "16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" დაიწყო.
ქალაქ ოზურგეთში ფონდ "სოხუმის" და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ საინფორმაციო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხეელებმა. აქციის დაწყებამდე მოეწყო ფლაერების დარიგება.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის ლელა ნაცვალაძის თქმით, ფონდი "სოხუმის" კვლევების შედეგებით, ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
" ყოველთვის უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ ეს ციფრი საერთოდ გაქრეს. მინდა ვთქვა, რომ ძალადობის მსხვერპლს იცავს საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", – თქვა ლელა ნაცვალაძემ.
გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის თქმით, სამწუხაროდ კიდევ არსებობს ოჯახში ძალადობის ფაქტები.
"მსგავს აქციებში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ მოძალადემ, რომ ქალზე ხელის აღმართვა დაუშვებელია", – განაცხადა გია სალუქვაძემ.
კამპანიის ლოზუნგია "სახლში მშვიდობიანად – მსოფლიოში მშვიდობამდე".