_ ზოგადად, კლიმატის სერიოზული ცვლილებით გამოწვეული ამინდის ჭირვეულობა სახეზეა. ამიტომ, ოქტომბერ-ნოემბერში კარგი მეურნე ზამთრის მოლოდინით უნდა საქმიანობდეს და წლის ჭირნახული ოჯახში დროულად უნდა მიიტანოს. მარცვლეული მოსავლის, ძირითადად, სიმინდის მოტეხვისა და დაბინავებისთვის გურულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან წელს ამინდის მოულოდნელი გაუარესების მოწმე არაერთხელ გავხდით, რაც სეზონს ნამდვილად არ შეესაბამებოდა. ნალექიანობის სიჭარბე ჩვენს მხარეს ისედაც ახასიათებს. პირუტყვი რომ საზამთროდ მშიერი არ დაგვრჩეს, ჩალისა და თივის დროულად დამზადებაზე სასწრაფოდ უნდა ვიზრუნოთ. ზოგს ეს დარიგება, იქნებ, სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ შუაგულ ზამთარში საქონლისთვის ხმელი ბალახის მაძებარი კაცი ხომ ხშირად გვინახავს?, _ გვეუბნება აგრონომი, ჩვენი გაზეთის ერთგული კონსულტანტი აკაკი ღლონტი.
_ ახალგაზრდა ციტრუსოვანთა ნარგავების შეფუთვა სასურველია ნოემბრის შუა რიცხვებიდან. თუ ამინდს სერიოზულ ცვლილებას შეატყობთ, პირველი რიცხვებიდანვე შეფუთეთ. ფეიხოას ტოტები ფრთხილად ააკარით სარზე.
საზამთრო პირობებისთვის შემზადება სჭირდება ფუტკარს. სკების დათბუნება ძირითადად ნოემბერში უნდა მოხდეს.
ნიადაგის გადაბარვას ამ პერიოდში, დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში ნუ ეცდებით, რადგან ჩვენთან უხვი ნალექი იცის და ეს საქმე ძირითადად იანვრიდან უნდა ვაკეთოთ. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
საზამთრო პირობებისთვის შემზადება სჭირდება ფუტკარს. სკების დათბუნება ძირითადად ნოემბერში უნდა მოხდეს.
ნოემბერში სასურველია ჩვენში ასე პოპულარული კულტურის, თხილის ნერგების მოძიება, შეთვალიერება. ნუ ამოთხრით. გეგულებოდეთ გარკვეულ ადგილზე. დარგვა კი დეკემბერში დაიწყეთ, როცა მცენარე მთლიანად დაყრის ფოთლებს.
ნოემბრის ბოლომდე საუკეთესო დროა თხილის პლანტაციების შეწამვლა ტკიპებისა და ბუგრების საწინააღმდეგო საშუალებებით. ჩვენი სამსახური ყველა მეურნეს დაეხმარება, ვინც თხოვნით მოგვმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადგილებზე გავდივართ და შესაბამის კონსულტაციებს ვუტარებთ თითოეული სოფლის მცხოვრებს, ვისაც თხილის პლანტაცია აქვს, ზოგადად კი ნოემბრის თვე შედარებით პასიური თვეა სამეურნეო საქმიანობისთვის, _ ამბობს აკაკი ღლონტი.